პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი

ინფიცირებულები, ავადმყოფები და პაციენტები კორონავირუსის სიმპტომებით... ყველა ამ შიშისა და განცდის უკან არა მარტო ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ ექიმებიც დგანან – საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორედ მათ ბრალდებათ ხოლმე...
Sputnik

ნათია ქვარცხავა

ზოგჯერ ჩვენი გაუთავებელი შიში გვავიწყებს, რისი გადატანა უწევთ იმათ, ვინც ამ დაავადებას წინა ხაზზე ებრძვის და ჩვენსავით არ არის შინ გამოკეტილი.

გამიმართლა და ექიმი მაშინ დავიჭირე, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯდებოდა. „დაგაგვიანდათ... ჩემი ცვლა უკვე დაიწყო. გამოძახებაზე მივდივართ. ხვალ ამ დროს აქ მობრძანდით. რამდენიმე წუთს დაგითმობთ“. 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა შიდა გადაცემებს უკავშირდება

„ესე იგი, 24 საათის შემდეგ?“ – „დიახ, დავილაპარაკებთ“, – იღიმება ნიღბის ქვეშ ექიმი და მანქანის კარს ხურავს.

„სასწრაფო ვინ გამოიძახა?“ – მივაყოლე კითხვა. „ქალმა, 65 წლისაა. ამბობს, რომ სახლიდან ათი დღეა არ გასულა, მაგრამ კორონავირუსის სიმპტომები აქვს... უცნაურია“.

„რომ გადამედოს...“

ჩვენი თანამოსაუბრე, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოისურვა, სამედიცინო კატასტროფების მედიცინის ბრიგადის უმცროსი ექიმია. ორ საავადმყოფოში მუშაობს, პრაქტიკულად, დასვენების გარეშე. აღიარებს, რომ ზოგჯერ კვირაში მხოლოდ ერთი დღე ახერხებს დასვენებას, თუ ორი დღე დაისვენა – ეს ნამდვილი სასწაულია.

„ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყება დილის 10 საათზე, – ამბობს ექიმი, – მოვდივარ სამსახურში, ვიბარებ სასწრაფო დახმარების მანქანას, უმცროსი ექიმი წამლებსა და ყველა საჭირო ნივთს გადმომცემს. შემდეგ ველოდებით გამოძახებას. მივდივართ მისამართზე, პაციენტს ვსინჯავთ და, თუ აუცილებელია, სტაციონარში გადაგვყავს. სხვათა შორის, კორონავირუსის ეჭვით არც ისე ბევრი გამოძახებაა. მაგრამ მუშაობა მაინც 24 საათის განმავლობაში გვიწევს“.

დღის განმავლობაში შესვენება, მედიკოსის თქმით, პრაქტიკულად არ აქვთ. ზოგჯერ ერთი პაციენტის მომსახურებას შეიძლება რვა, ან სულაც თორმეტი საათი დასჭირდეს. დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობასა და მის ადგილსამყოფელზე. ზოგჯერ კი ერთი საათიც საკმარისია.

პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი

თუ კორონავირუსით დასნეულების ეჭვია, ამ შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარების მანქანაში შესაბამისი ეკიპირებაა. ესაა ერთჯერადი კოსტიუმები – შედგება კაპიუშონიანი კომბინეზონისგან, დამცავი სათვალისგან, რესპირატორისა და ბახილებისგან. პაციენტთან კონტაქტის შემდეგ მთელი ეს დამცავი კოსტიუმი ნადგურდება.

მაგრამ არც ერთი დაცვა დღეს ასპროცენტიანი არ არის. ყველასთვის ცნობილია მედპერსონალისა და ექიმების ინფიცირების შემთხვევები, როგორი დაცულიც არ უნდა იყვნენ ისინი. ამიტომ თანამოსაუბრეს ვეკითხები, მზად არის თუ არა ის მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარისთვის და ეშინია თუ არა დაინფიცირებისა.

„დაინფიცირების შიში, რასაკვირველია, არსებობს, – აღიარებს ექიმი, – მაგრამ რას იზამ? ასეთი სამუშაო გვაქვს. თუ მაინც გადამედება, ყველა რეკომენდაციას დავიცავ – იზოლაციაში მოვექცევი და ვიმკურნალებ“.

„ჩვენ დანახვაზე ელდა ეცემათ ხოლმე“ 

პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი

ექიმები, რესპონდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიამდეც მსგავსი რეჟიმით მუშაობდნენ. თუმცა ახლა, როდესაც ვირუსმა თავისი მასშტაბებით ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი შეაშინა, მათ ორჯერ მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით არასასიამოვნო მედიკოსებისთვის ადამიანების ქცევა, მათი პანიკაა.

„როდესაც ადამიანები პანიკაში არიან, ეს ჩვენზეც მოქმედებს, ამის გაძლება რთულია და მუშაობაში ხელს გვიშლის. ადამიანებს გრიპის ჩვეულებრივი სიმპტომებიც აშინებს. ადამიანებს მანამდეც ჰქონიათ სიცხეც, ხველაც და ყელის ტკივილიც. მაგრამ ახლა დაავადების ნიშნებს ისინი დეპრესიამდე მიჰყავს. მათი გაგებაც შეიძლება. მე, როგორც ექიმი, რომელიც რეანიმაციაში წლებია ვმუშაობ, ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ“, – ამბობს რესპონდენტი.

პანიკა, მისი თქმით, განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც ხალხი ექიმს ხედავს სპეცფორმით, თანაც კორონავირუსით სავარაუდო დაავადებულ პაციენტთან ერთად.

„ჩვენ დანახვაზე ელდა ეცემათ ხოლმე. შემდეგ მოდის გაუთავებელი კითხვები უცნობი ადამიანებისგან, ახლობლებისგან, ნათესავებისგან – იქნებ ვირუსი შენც გადაგედო? ყოველი შემთხვევისთვის გაესინჯე“.

სიმპტომები განგაშის საფუძველია? 

ცრუ სიმპტომები: ექიმები COVID-19-ის მოჩვენებით ნიშნებს განმარტავენ

მედიკოსი გვირჩევს: თუ კორონავირუსის სიმპტომები გაწუხებთ – გართულებული სუნთქვა, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, ჯობს ექიმს მიმართოთ.

თუმცა, ვინაიდან ვირუსის სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების მსგავსია, დასაწყისისთვის აჯობებს, გაიხსენოთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი მარშრუტები – შეხვდით თუ არა უცხოეთიდან ჩამოსულ ან ისეთ ადამიანს, რომელსაც ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ახლობელი ჰყავს.

„რა თქმა უნდა, სასურველია მაშინვე მიმართოთ ექიმს და გამორიცხოთ კორონავირუსის ალბათობა. ახლა გამოჩნდა სწრაფი ტესტებიც. თუ პაციენტს ვირუსი დაუდასტურდება, მნიშვნელოვანია, რომ მან არ დამალოს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი“, – ხაზგასმით ამბობს ექიმი.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსი უსიმპტომოდ ან სუსტი სიმპტომებით მიმდინარეობს. მაგალითად, შეიძლება ხასიათდებოდეს გემოს შეგრძნების დაკარგვით. ესეც სიგნალია. მოკლედ, მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, პანიკის გარეშე.

საქართველოს წარმატებული ბრძოლა COVID-19-თან 

Foreign Policy: საქართველოს წარმატებული ბრძოლა კორონავირუსთან მოულოდნელი აღმოჩნდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, აქედან 36 გამოჯანმრთელდა და ორი გარდაიცვალა. სხვა ქვეყნების მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ეს პანდემიასთან ბრძოლის ობიექტურად კარგი მაჩვენებელია.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებისა და ინფექციონისტების დამსახურებაა, – ამბობს ექიმი. – მათ მომენტალურად გაატარეს სწორი ზომები. დროული იყო კარანტინის გამოცხადება და ქალაქის ჩაკეტვა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ადამიანების ქცევაც, რომლებიც კარანტინს იცავენ. ისინი თავს უფრთხილდებიან, იყენებენ ნიღბებს, იცავენ დისტანციას მაღაზიებში. ვხედავ, როგორ იწმენდენ ხელებს. ეს სასიხარულოა. ყველაფერი ჩვენი ექიმების დამსახურება და იმის შედეგია, რომ ხალხი სერიოზულად უდგება საკითხს“.

საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ დავუსვა თანამოსაუბრეს უბრალო, ადამიანური კითხვა: „რას გააკეთებთ მას შემდეგ, რაც ეს კოშმარი დასრულდება?“

მამაკაცი კვლავ ნიღბის ქვეშ იღიმება და ამბობს, რომ წვიმის შემდეგ ყოველთვის მზე ანათებს, თანაც ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ტყუილუბრალოდ არ ხდება, ელემენტარული რამეების დაფასება ვისწავლეთ.

„ერთადერთი, რასაც ვისურვებდი – არის საზღვრების გახსნა, რათა ადამიანებმა მშვიდად და უპრობლემოდ მოგზაურობა შეძლონ, როგორც ადრე. და რომ ყველა ჯანმრთელი იყოს“.