თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე 1 203 099 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 64 774 და განკურნებულია 246 893 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.
რატომ არის სახიფათო კარანტინი ხანდაზმული ადამიანებისთვის >>
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადეს.
ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 312 146 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (126 168), მესამეზე იტალია — (124 632).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 59-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.
სიტუაცია ესპანეთში
ესპანეთი ევროპაში კორონავირუსის გავრცელებით პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში 6 969 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 749. სულ გარდაცვლილია 11 947 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 34 219 პაციენტი.
სიტუაცია იტალიაში
ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში 4 805 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 681. გარდაცვლილთა საერთო რიცხვით იტალია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს - 15 362 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20 996 პაციენტი.
სიტუაცია აშშ-ში
ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში 34 196 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 1 331. სულ გარდაცვლილია 8 454 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 14 828 პაციენტი.
აშშ-ში პანდემიის ცენტრია ნიუ-იორკის შტატი, სადაც 114 775 დაავადებული და 3 565 გარდაცვლილია.
აშშ ათასობით სამხედრო მედიკოსს ჩართავს კორონავირუსთან ბრძოლაში, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„შტატების დასახმარებლად უამრავ სამხედროს გავაგზავნით. ათასობით ჯარისკაცი, ათასობით სამედიცინო მუშაკი, პროფესიონალები, მედდები, ექიმები - დიდი რაოდენობით იქნებიან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს შაბათს.
ტრამპის თქმით, ათასი სამხედრო მედიკოსი გაემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
დანარჩენი სამყარო
იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით გერმანია მოდის. აქ 96 092 დაავადებული ადამიანია, გარდაიცვალა 7 560 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 26 400 პაციენტი. ერთ დღე-ღამეში დაინფიცირდა 4 933 პირი, გარდაიცვალა 169 ადამიანი.
გერმანიასთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსი საფრანგეთში. აქ გასულ დღე-ღამეში აშშ-ის შემდეგ გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა -1 053 და 7 788 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან ამ ქვეყანაში 89 953 ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 7 560 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 15 438.
რაც შეეხება ჩინეთს, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 30 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 213 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვით - 3 329 - ჩინეთი მეშვიდე ადგილზეა, დაავადებულთა საერთო რიცხვით - 81 669 - მეექვსეზე.
ამჟამად დაავადებულია 1376 ადამიანი, 295 - მძიმე მდგომარეობაშია, 76 764 პაციენტი გაეწერა.
კორონავირუსი საქართველოში
ბოლო მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნებულია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 170 ადამიანს, 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 330 ადამიანია. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
გაჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. დაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე. ამ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო.
ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა დაშვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება არაუმეტეს სამი ადამიანი, მათ შორის ორი – უკანა სავარძელზე.
სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.
იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.
ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მანამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაწესდა.