ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისში ონლაინ-კონცერტებზე გეპატიჟებათ

სხვადასხვა ქვეყნის ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები პირდაპირ თქვენს სახლში დაუკრავენ
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ბაროკოს ეპოქის მუსიკის თბილისის ფესტივალი კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების ონლაინ-კონცერტის ნახვას თავის ოფიციალურ YouTube-არხზე გთავაზობთ.

უახლოესი კონცერტი გაიმართება კვირას, 5 აპრილს. ეს იქნება იტალიური და გერმანული ბაროკოს საღამო. წარდგებიან იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აზოლინი და გერმანელი მევიოლინე კრისტინ ბუში.

თბილისის კონსერვატორია მსმენელს ბოროდინის სახელობის კვარტეტის ონლაინ–კონცერტზე იწვევს

შემდგომში დაგეგმილია მოცარტის „რეკვიემის“ კონცერტის ონლაინ-ტრანსლაცია. ის მიეძღვნება თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მიტინგის დაშლისას დაღუპულებს. რაც შეეხება ფესტივალის ბოლო დღეს, 12 აპრილს ორგანიზატორები მაყურებელს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის ტრანსლაციას პირდებიან.

ყველა კონცერტი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბაროკოს ყოველწლიური ფესტივალი 2015 წელს დააფუძნა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტა", კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

სხვადასხვა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ბაროკოს მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები: ესპანელი გამბისტი, დირიჟორი, ჟორდი სავალი, იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აზოლინი და ვიოლონჩელისტი დავიდ ამადიო, გერმანელი მევიოლინე კრისტინ ბუში, ფრანგი კლავესინისტი ჟან რონდო, „ძველი მუსიკის ბერლინის აკადემიის“ ორკესტრი და სხვ.