ლევან რატიანი: მთელ ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

პაციენტი კლინიკის დატოვების შემდეგ ორი კვირით თვითიზოლაციაში გადავა, შემდეგ კი გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივ რეჟიმში
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა>>

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, რადგან  ძალიან უჭირდა სუნთქვა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი ეს ქალბატონი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდებოდა, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შეფასებით, დიდ რისკ–ფაქტორს წარმოადგენს კორონავირუსით დაინფიცირების დროს. ასეთი შემთხვევა, ჯანმოს შკალების მიხედვით, 97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალი გადარჩა, აღნიშნა რატიანმა.

ქართველი ექიმები სპეციალური ეკიპირებით სრულად უზრუნველყოფილი  არიან

„სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დაუდასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული“, - აღნიშნა რატიანმა.

რატიანის განცხადებით, პაციენტი კლინიკიდან გაწერის შემდეგ ორი კვირა თვითიზოლაციაში გადავა, რის შემდეგაც „გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“.

ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება.

ეპიდემიოლოგის პროგნოზი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბების შესახებ>>

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.