რას წერენ ქართული გაზეთები: საყოველთაო კარანტინი ეკონომიკას გაანადგურებს?

როგორ აისახება საყოველთაო კარანტინი ქვეყნის ეკონომიკაზე - ქართულ პრესაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია
Sputnik

მთავრობა შექმნილ ვითარებაში ცდილობს დაეხმაროს მოსახლეობასა და ბიზნესს, თუმცა ნებისმიერი სოციალური პროექტი კვლავ მძიმედ ურტყამს ლარს და ხელს უწყობს მის გაუფასურებას, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამას ამზადებს >>

ეკონომიკა განადგურებამდეა მისული და სიტუაციის გამოსწორებას წლები დასჭირდება, ფიქრობს ღვინის კომპანია „შუხმან ვაინსის“ დამფუძნებელი ნუცა აბრამიშვილი.

„სტაგნაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდება. იმისათვის, რომ 2020 წლის მდგომარეობას დავუბრუნდეთ, საუკეთესო შემთხვევაში, სამი წელი მაინც დაგვჭირდება“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

იმაზე, რომ საყოველთაო კარანტინი დამანგრეველად მოქმედებს ეკონომიკაზე, საუბრობს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც. მას მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ პრობლემას გაუფასურებული ლარი შექმნის, ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რათა შესუსტდეს რისკი და ეკონომიკამ დროულად შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა.

ივანე მაჭავარიანი: ასეთი პრობლემები ეკონომიკაში 100 წელიწადში ერთხელ ხდება

ეკონომიკის გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც - ფინანსისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ მაკროეკონომიკაში შექმნილ პრობლემას დიდხანს ვერაფერი გამოასწორებს.

„პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერებულია, რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს უფრო დიდი საფრთხე ეკონომიკისთვის და კარანტინი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას. ჩვენი პროგნოზით, თუ აპრილში პიკურ მდგომარეობას გადავიტანთ, ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს 4,5 მილიარდი ლარი. და ეს იმ შემთხვევაში, თუ მაისიდან სიტუაცია გამოსწორდება. მაგრამ ჯერ ამის შანსს ვერ ვხედავ... მთავრობას შესაძლოა გულწრფელად სურს, მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმაროს, მაგრამ ეს რთულია. მძიმე იქნება გაცვლითი კურსის ფაქტორიც. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა გამოასწორებს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას - მწვავე კრიზისი გარდაუვალია“, - განაცხადა გერლიანმა.

როდის გამკაცრდება ტექდათვალიერება?

გაზეთი „რეზონანსი“ კიდევ ერთ თემას ეხება - „ავტო-სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 1 აპრილიდან შედის ძალაში.

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ბუნებრივია, შესწორებები გადაიდება, მაგრამ რა იქნება შემდეგ და როდის განახლდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში, ეკონომიკის სამინისტროში ჯერ ვერ ამბობენ, წერს გაზეთი.

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ტექინსპექტირებისგან თავისუფლდებიან

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცვლილებები ძალაში შედის 1 აპრილიდან, თუმცა ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გათავისუფლებული არიან ტექდათვალიერების ვალდებულებისგან.

შესწორებების თანახმად, პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებს მოსთხოვენ კატალიზატორებს, ქვეყანაში უკვე შემოყვანილ და მოძრავ ავტო-სატრანსპორტო საშუალებებზე ეს ნორმა 2022 წლიდან ამოქმედდება. ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან 10-წლიანი საბურავებით მოძრავი ავტომობილები. მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც პირველი ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, ხელახლა ვეღარ გაივლიან მას გადატანილი საჭით. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ფარებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ვერ შეძლებენ ტექდათვალიერების გავლას სპეციალური სტიკერების მეშვეობითაც კი.

„ეს კარგი ცვლილებებია, რომლებსაც მხარს ვუჭერთ. მეტიც, ვფიქრობ, რომ საჭირო იყო მეტი ცვლილება, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა და შესაბამისად ვიმოქმედოთ“, - განუცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა „რეზონანსს“.

მისი სიტყვებით, შესწორებების ამოქმედება სასურველია საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ, რათა მძღოლებმა შეძლონ ავტომობილების მოწესრიგება, მაგრამ უფრო შორს გადაწევა არ ღირს.

საპენსიო რეფორმა ჩაშლის პირასაა?

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ სტატიას უძღვნის საპენსიო ფონდში შენატანების შეჩერების თემას, რომელიც ბოლო დროს აქტიურად განიხილება საზოგადოებაში.

საპენსიო ფონდში შენატანების შეჩერებისა და სურვილის შემთხვევაში მათი მოქალაქეებისთვის დაბრუნების წინადადებით გამოდის პარტია „ევროპული საქართველო“. ამავე აზრისაა ბიზნესმენი თემურ ჭყონია და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

საქართველოს საპენსიო სააგენტომ პირველი ინვესტიცია განახორციელა

„ვიდრე კრიზისი გაივლის, საჭიროა საპენსიო ფონდში შენატანების შეჩერება - ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი. ჩვენს ჯგუფს, სამწუხაროდ, უკვე მოუწია მეოთხე ობიექტის დახურვა. დაახლოებით 300 მოქალაქეს შეუჩერეს ანაზღაურება და, ვფიქრობთ, რა ვუყოთ მათ... აბსოლუტური შოკია და საპენსიო დანაზოგების დრო არ არის“, - აღნიშნავს პაპაშვილი.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე ფიქრობს, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტს 12 თვით სახსრების აკუმულირების შეჩერებას, ფონდმა შეიძლება დაკარგოს სიმწრით მოპოვებული ნდობა, საპენსიო რეფორმა კი შეიძლება საერთოდ მოკვდეს.

გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები?

ერთიანი ეროვნული გამოცდების გადადება აუცილებელია მანამ, სანამ სკოლებში სწავლა არ განახლდება, ფიქრობს განათლების საკითხთა ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

„ტელესკოლა“ ეთერშია: გაკვეთილების ცხრილი უკვე ცნობილია

ექსპერტის აზრით, პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“ ეფექტური საშუალებაა, მაგრამ, მისი თქმით, მოსწავლეთა 60-70%-ს ხელი არ მიუწვდება დისტანციურ სწავლებაზე. ამასთან, ნიკოლაიშვილის თქმით, დისტანციური სწავლება ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც ჩვეულებრივი სწავლება.

„ქვეყანაში სასწავლო პროცესი ალბათ არ განახლდება - ამაზე საუბრობენ კულუარებში. და მთავრობამ უნდა გამოაცხადოს, რომ საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების გადადება მანამ, სანამ სკოლებში სწავლა არ განახლდება“, - განუცხადა ნიკოლაიშვილმა გაზეთ „რეზონანსს“.

დისტანციური სწავლება, ექსპერტის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რაც შეტანილია „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში და სახელმწიფო ვალდებული იყო, მომზადებულიყო დისტანციური სწავლებისთვის, თუმცა განათლების სისტემა სრულებით მოუმზადებელი აღმოჩნდა.

სტატია მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ მასალების მიხედვით