საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. დღეს, 08:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 103-მდე გაიზარდა>>

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

გახარია: ინფიცირების დინამიკის ზრდა შემაშფოთებელია

მანამდე, 21 მარტს ქვეყნის მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების ისეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ვირუსის გადადების წყაროს დადგენა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან ან სად დაინფიცირდა. 

„ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ - გახარია მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულზე

პრემიერის განმარტებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანა მხოლოდ ექიმებისა და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ გაიმარჯვებს, თუ არ გამოცხადდა საერთო მობილიზაცია. თუმცა, გახარიას განცხადებით, ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გაცნობიერებული არ აქვს.

იმისთვის, რომ შეფერხდეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება, მიღებულია გადაწყვეტილება კარანტინისა და კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 31 მარტისთვის>>

ამ დროისათვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობაა 103 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში რჩება 5114, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

კერძოდ, რა იკრძალება კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს:

  • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.
  • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
  • ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.
  • ცალკე იქნება გაწერილი მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი. მათ ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ცალკე პროტოკოლები. პრემიერის განცხადებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება. ასევე იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
  • აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ უნდა დაეხმარონ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
  • პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
  • ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას გააკონტროლებს.

მთავრობის „ცხელი ხაზი“ – 144, რომელიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეს რეკომენდაციას გაუწევს.