თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საზოგადოების ნაწილი სახლში მაინც არ რჩება.
„გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე. ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ. მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში!“ – წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.
ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.