თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სომხეთი, რუსეთი და საქართველო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტვირთგადაზიდვისთვის „მწვანე დერეფნის“ უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ, განაცხადა ექსპორტიორებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმება პოლიტიკურ დონეზე უკვე მიღწეულია და მისი რეალიზებისთვის ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. პრემიერის თქმით, რუსეთში იღებენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა შეზღუდვის თაობაზე, რომლებსაც სომხეთში პანიკური განწყობა შეუძლია გამოიწვიოს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდვები არ შეეხოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ან სომხეთს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმებები კონკრეტულია და საბოლოო, ხოლო რუსი კოლეგები დაინტერესებული არიან, რომ რუსულ სურსათის ბაზარზე სომხური პროდუქცია შევიდეს.
„აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ ვახდენთ იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემების კოორდინირებას, რათა რუს და ქართველ კოლეგებთან მიღწეული შეთანხმებები ბუნებრივი გზით განხორციელდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ>>
საქართველოს ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში უცხოელების შემოსვლაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს.