საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში წესები ასზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა პირი ვალდებულია დაიცვას წესები და შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მკაცრ ზომებს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პოლიციამ ბოლო 24 საათში მკაცრი მონიტორინგის შედეგად ქვეყნის მასშტაბით გამოავლინა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 125 დარღვევა, საიდანაც 13 - თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტებია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამეგრელოში შეზღუდვები გამკაცრდა: საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების შემდეგ პოლიციას მიენიჭა უფლება არამარტო იძულებით კარანტინში გადაიყვანოს თვითიზოლაციის დამრღვევები, არამედ თითოეული სამი ათასი ლარით დააჯარიმოს.

96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო (შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საწარმოებს).

გარდა ამისა, 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები - თავდაპირველად მოხდება დაჯარიმება, განმეორებითი შემთხვევის დროს დამრღვევს პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა >>

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.