თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ შეუერთდა კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, Яндекс–მა და Mail.ru Group-მა შექმნეს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.
„საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისა და „როსია სეგოდნიას“ პირველი ერთობლივი პროექტი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გახდა „ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელოს“ პუბლიკაცია და რუსეთში გამოცემა. ესაა მსოფლიოში პირველი გამოცემა, რომელიც კომპლექსურად აღწერს ვირუსის პროფილაქტიკისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პაციენტების მოვლის გამოცდილებას.
სახელმძღვანელო შედგენილია ჩჟეძიანის პროვინციის საუნივერსიტეტო სკოლის აკადემიური კლინიკის მიერ ჩინეთის გამოცდილებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე. სახელმძღვანელო ოპერატიულად ითარგმნა და გამოიცა რუსეთში და უფასოდ ურიგდება სამკურნალო დაწესებულებებს და სპეციალისტებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტითაც.
„როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი დარწმუნებულია, რომ სააგენტო ყველა რესურსს აამოქმედებს კორონავირუსის შესახებ ადამიანების ინფორმირებისთვის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსთან შეერთება, რათა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მისაწოდებლად ამ ურთულეს პერიოდში. ახლა ეს ჩვენი პროფესიული ვალია, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კისილიოვმა.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხების აუცილებელი პირობაა მიმდინარე სიტუაციასა და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომებზე მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიწოდება.
„როსია სეგოდნიას“ მაღალი პროფესიონალიზმი და ოპერატიულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსს და მისი პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სააგენტომ უკვე გამოავლინა ახალი პრაქტიკების ძიებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი РИА Новости და Sputnik–ი სანდო, ხარისხიანი ინფორმაციითა და ოპერატიულობით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ახლა ისინი ადამიანებისთვის ახალი ამბების ყველაზე სრულყოფილ წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.