რას წერენ ქართული გაზეთები: გამოცხადდება თუ არა მასობრივი ამნისტია საქართველოში

პატიმართა მასობრივი გათავისუფლების პროცესი, რომელიც შესაძლოა დაიწყოს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქართულ პრესაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა
Sputnik

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა სახელმწიფოებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ის პატიმრები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის რისკ–ჯგუფში შედიან.

ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე განსხვავებულია - ერთნი ასეთ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მეორენი ფიქრობენ, რომ პატიმრების მასობრივი გათავისუფლება მსოფლიოში დანაშაულს გაზრდის. 

კორონავირუსი საქართველოში: თვითიზოლაციის დარღვევისთვის სამი პირი დაჯარიმდა

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ ვირუსი აფეთქდება პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი შეკავება ძალიან რთული იქნება და საქართველოში მოვლენები შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდეს.

 „თუ საპატიმროებში „აფეთქდება“ ვირუსი - ეს კატასტროფა იქნება მთელი პენიტენციური სისტემისთვის, რომელიც ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს. ამიტომ სწორი იქნება, თუ გაათავისუფლებენ პატიმრებს ეკონომიკური დანაშაულებისთვის, რომლებიც საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ და შემთხვევით ჩადენილი დანაშაულისთვის... ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება და არა მგონია, ამან მკვეთრად შეცვალოს ქვეყანაში კრიმინალური ვითარება“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

მისი აზრით, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ხელისუფლება ამას გააკეთებს.

ასეთივე აზრისაა იურისტი შალვა ხაჭაპურიძე - ის ხელისუფლებას სთავაზობს პროცესუალური გარიგებების გაფორმებას და ამავდროულად ბიუჯეტის შევსებას.

 „მხოლოდ პატიმართა კვებისთვის გამოყოფილია 70 მილიონი, წარმოგიდგენიათ, რამხელა დანაზოგია ბიუჯეტისთვის. ხოლო თუ პროცესუალური გარიგებები გაფორმდება,  ეს ადამიანებიც შეიტანენ ფულს ბიუჯეტში. სახელმწიფო მინიმუმ 200 მილიონის ეკონომიას გააკეთებს. ეს ბიუჯეტისთვის, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სერიოზული ფულია“, - განუცხადა ხაჭაპურიძემ გაზეთ „ახალ თაობას“. 
თეა წულუკიანი: მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ ციხეებში არ მოხდეს ვირუსის შეტანა

მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაეროს მოწოდებამდე, ირანმა 85 ათასი მსჯავრდებული გაათავისუფლა.

რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისაა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, პატიმართა მასობრივი ამნისტია მთელ მსოფლიოში კრიმინალური ვითარების ზრდას გამოიწვევს.

ანალიტიკოსის სიტყვებით, გათავისუფლებული პატიმარი იზოლირებული იქნება თუ არა, ამაზე გაერო არ ფიქრობს.

 „ისინი ჩვეულებრივი კატეგორიის ადამიანები არ არიან... თუ პატიმარი ინფიცირებულია კორონავირუსით, არა მგონია, ის სახლში დაჯდეს, როგორც დანარჩენი მოქალაქეები“, - განუცხადა საყვარელიძემ გაზეთ „რეზონანსს“.

რა ელის საპენსიო ფონდს

საპენსიო ფონდში 12 თვით საპენსიო შენატანების შეჩერება ამ კრიტიკულ სიტუაციაში 400 მილიონ ლარს დაუზოგავს დასაქმებულებს და 200 მილიონ ლარს - ბიუჯეტს, აღნიშნავს გაზეთი „რეზონანსი“.

შენატანების შეჩერების ინიციატივით და, სურვილის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის ანგარიშიდან თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნების წინადადებით გამოდის პარტია „ევროპული საქართველო“. ამავე აზრისაა ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. 

კორონავირუსი და საქართველო: ხელისუფლება და მსხვილი ბიზნესი პრობლემებს განიხილავენ

 „საპენსიო ფონდი თავისი იდეოლოგიით შექმნილია მშვიდი სიბერის უზრუნველსაყოფად. თუ ამ ფილოსოფიით დღეს ვიხელმძღვანელებთ, როდესაც არსებობს კორონავირუსი, შესაძლოა, სიბერემდე ვერ მივაღწიოთ. აქედან გამომდინარე, ვისთვის ვაგროვებთ ფულს? არავისთვის. ამიტომ საჭიროა ამის შეჩერება“, - ფიქრობს ჭყონია.

ბიზნესმენს საპენსიო ფონდის არსებული პროგრამა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ საჭიროა სხვა, უკეთესი პროგრამის შემუშავება.

 „საპენსიო ფონდის დანიშნულება ისაა, რომ შეაგროვო რაღაც თანხა, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის გაორმაგებაზე და გასამმაგებაზე. მაგრამ როდესაც მუდმივად გაქვს იმის შიში, სადაა ჩემი ფული, მაშინ ჯობს თავად დადო ანგარიშზე და იმას მაინც ადევნო თვალი, რამდენი შეგროვდება. როდესაც საპენსიო ფონდი იქმნება საზღვარგარეთ, ადამიანებს მასში შესვლის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ კი ამის სურვილი არ გვაქვს. ჩვენ ფონდში იძულებით ვიხდით ფულს“, - განუცხადა ჭყონიამ გაზეთ „რეზონანსს“.

საქართველო საუკეთესო ადგილია

„საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი ამ რთულ პერიოდში“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. დიპლომატის განცხადება, რომელშიც ის აფასებს საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას COVID-19-ის წინააღმდეგ, ქართულ გაზეთებში გამოქვეყნდა. 

ადამ კინზინგერი: საქართველომ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა

 „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის“, ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ეს კრიზისი ეხება არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ სერიოზული გამოწვევაა ეკონომიკისთვისაც.

„ევროკავშირი საქართველოს მხარში უდგას. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო - საუკეთესო ადგილია, სადაც ამ რთულ დროში შეიძლებოდა ვყოფილიყავი“, - ნათქვამია განცხადებაში.