არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულიდან ჩამოყვანილი ახალშობილი

ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინზე დაკეტილი რაიონიდან ჩამოყვანილი ცხრა დღის ახალშობილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს როგორც საეჭვო შემთხვევა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი შემოიყვანეს, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება, განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

„გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა – სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი განიკურნა

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.  

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე: შემდეგი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, დაწესებულია შეზღუდვები. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო გადაზიდვებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით გადაადგილდებიან. 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 73 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.