კარანტინის ზონები: სად არის დაშვებული მუშაობა და როგორ ხდება პროდუქტებით მომარაგება

კარანტინის ზონებში – მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში საქმიანობა დაშვებულია ყველა საწარმოში, სადაც მუშაობა ღია სივრცეში უწევთ.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სადაც მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, მუშაობა დაშვებულია რიგ მომპოვებელ საწარმოებში, ხოლო სურსათის მიწოდება განსაკუთრებული რეჟიმით მიმდინარეობს.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში 23 მარტიდან კარანტინი გამოაცხადა, რაც კორონავირუსის სწრაფი გავრცლების საფრთხეს უკავშირდება. კარანტინის ზონის პირობებით, ამ რაიონებში მკაცრად კონტროლდება სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოების უმეტესობა დაკეტილია.

მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაჯანელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა>>

ნებადართული მუშაობა

კარანტინის მოქმედების მესამე დღეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ამ რაიონებში რიგ საწარმოებს მუშაობის ნებართვა მისცა.

„ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სივრცეში მუშაობას. ანუ, ისეთი წარმოებები, როგორიცაა კარიერების დამუშვება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება, საშენ მასალათა წარმოება, რომელიც არ ხორციელდება დახურულ სივრცეში და სხვა ისეთი სამუშოები, რომელიც არის ღია სივრცეში განლაგებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს კარანტინის ზონაში იმ საწარმოების სრულ სიას, სადაც მუშაობა ნებადართულია.

ცერცვაძე: უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა კარანტინის ზონაში უკვე შეუძლიათ იმ საწარმოებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სურსათის უზრუნველყოფასთან, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ნაწილთან, აგრეთვე აფთიაქებს, საფინანსო ორგანიზაციებსა და საწვავის დისტრიბუტორებს.

ბოლნისში მდებარეობს ასევე საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საწარმო, რომელიც მოიპოვებს სპილენძსა და ოქროს. საწარმო ეუთვნის კომპანია Rich Metals Group-ს.

უსაფრთხო მიწოდება

კარანტინის ზონაში სურსათის მიწოდებაზე განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.

პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა>>

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებისას ტვირთის ყველა მძღოლი მუშაობს სპეციალური ეკიპირებით, ხოლო ავტომობილებს დეზინფექციას უტარებენ.

მარნეულში კარანტინის ზონაში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

კორონავირუსი კარანტინის ზონაში

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულის მცხოვრებს 22 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.

ვისგან დაინფიცირდა პაციენტი, ვერ დაადგინეს. ახლა საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს, სადაც, შესაძლებელია, დაავადებული იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქალმა, შესაძლოა, 90-მდე ადამიანს გადასდო ინფექცია.

საქმე ისაა, რომ პაციენტს გარდაეცვალა დედა და მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა. შემდეგ ქალი რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურით აკითხავდა ადგილობრივ ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსზე ჭვი არ გასჩენიათ. შედეგად – ერთ-ერთი ადგილობრივი კლინიკა ახლა კარანტინშია.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო>>

ამ ორ რაიონში აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებულ დაახლოებით 1,7 ათას კონტაქტს იკვლევენ.