COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: იტალიელმა მეცნიერებმა მითი დაამსხვრიეს და სენსაციური ჰიპოთეზა წამოაყენეს

იტალიელი მკვლევარების მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ ბოლო საათებში დიდი ხმაური გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ნუ მივეცემით ილუზიებს, რომ ზაფხულში ვირუსი დასუსტდება და პანდემია უკან დაიხევს, ამბობს იტალიელი ვირუსოლოგი რობერტო ბურიონი სტატიაში, რომელიც გამოცემა Il Giornale-მ გამოაქვეყნა.  

COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს

ექიმი იქვე განმარტავს, რომ ზოგადად რესპირატორული დაავადებები სიცხეში ნამდვილად ნაკლებ გადამდებია, ვინაიდან ნერწყვის ნაწილაკები, რომლებსაც ადამიანი ჰაერში გასტყორცნის, სწრაფად ორთქლდება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით COVID-19-ზე, რომელიც ჯერჯერობით კარგად შესწავლილი არ არის და მეცნიერებმა არ იციან, როგორ მოიქცევა დაავადების გამომწვევი ვირუსი ზაფხულში.

„მეცნიერებმა მხოლოდ ის გაიგეს, რომ ეს მოლეკულა არანორმალურად იქცევა და სიურპრიზების შემოთავაზებას არ წყვეტს“, — წერს ვირუსოლოგი.  

რობერტო ბურიონი კლიმატოლოგების დაკვირვებებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, რომ ცხელი ამინდი არ შეიძლება იარაღად მივიჩნიოთ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. 

მეცნიერის თქმით, თავად მითი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ზაფხულში თავისით გაქრება, ატიპური პნევმონიის მაგალითიდან გაჩნდა, რომელიც 2002 წლის ბოლოს აფეთქდა და 2003 წლის ივლისში ჩაქრა. მაგრამ, ეპიდემიოლოგის აზრით, ამ დაავადებების შედარება არ შეიძლება. 

გერმანიაში COVID 19-ით სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალია - დასახელდა მნიშვნელოვანი ფაქტორები>>

„მილანისა და რომის უნივერსიტეტებმა ერთმანეთს შეადარეს კლიმატური პირობები და კორონავირუსის გავრცელება უჰანსა და ლომბარდიაში 20 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში. შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაავადებულთა რაოდენობასა და კლიმატურ პირობებს შორის კავშირი არ არსებობს“, — ხაზს უსვამს ბურიონი. 

მისი თქმით, ირანში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ზოგადად მაღალია, ეპიდემიით გარდაცვლილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.  

გარდა ამისა, სხვა იტალიელი მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას სმოგსა და კორონავირუსს შორის კავშირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ ჰიპოთეზამ ბოლო საათებში დიდი ხმაური გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში.

COVID-19: ჯანმო ეპიდემიის ახალ შესაძლო ეპიცენტრს ასახელებს>>

მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ფიზიკოსმა და ექსპერტმა ნანონაწილაკების ტოქსიკურობის კუთხით ანტონიეტა გატიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომბარდიაში COVID-19-ით დაავადებულთა უზარმაზარი რაოდენობა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ეს რეგიონი სხვებზე მეტადაა დაბინძურებული იტალიაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის იტალიაში ინფიცირებულია 69 176 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 6 820 და განკურნებულია 8 326 პაციენტი.