მარნეულში კარანტინის ზონაში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მარნეულისა და ბოლნისის თავზე ხშირად დაინახავთ დრონს - სწორედ მისი დახმარებით შსს-ს ძალები აკონტროლებენ სიტუაციას საკარანტინე ზონებში
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ას პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელში - მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად არის გამოცხადებული, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი ამოქმედდა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტების დატოვება აეკრძალა.

სიტუაციას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.

შსს-ს ინფორმაციით, საველე ჰოსპიტლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი და პაციენტების მისაღებად მზად არის.

პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გასაწერად ემზადება

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება და ჯგუფების მიხედვით განაწილება. ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან.

საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

შსს-ს თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეთანხმებით 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებს ამოწმებენ

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების პატრულირებას. ძირითად გზებზე მოეწყო ბლოკ-პოსტები, ხოლო მეორეხარისხოვან გზებს მობილური ჯგუფები აკონტროლებს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის ძირითად ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, საინფორმაციო კამპანია ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. 4 ათასზე მეტი პირი კარანტინშია, კიდევ 252 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მარნეულის რაიონი ქვემო ქართლის რეგიონში შედის. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 130,6 ათასს ადამიანს შეადგენს, აქედან 83,77%-ს აზერბაიჯანლები შეადგენენ.

ბოლნისის რაიონიც ქვემო ქართლის რეგიონს ეკუთვნის. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 78,9 ათასს ადამიანს შეადგენს, აქედან 63,38%-ს აზერბაიჯანლები შეადგენენ.