თბილისი, 21 მარტი - Sputnik. თუ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება საქართველოში ასეთივე ტემპებით გაგრძელდება, მაშინ ეპიდსიტუაცია იქნება „რბილი“, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: კიდევ რა შეზღუდვებია მოსალოდნელი >>
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან საქართველოში ყოველდღიურად დაინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა ვლინდება. კარანტინზე დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იმყოფება.
„ყოველდღიურად, სერიოზულად იმატა კვლევის (კორონავირუსზე ტესტების) რაოდენობამ, 80-დან 100-მდე. დღეს ალბათ იქნება რამდენიმე შემთხვევა. თუ ამ ტემპით წავედით და დღეში 3 - 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია რბილი განვითარება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. შაბათს ხელისუფლებამ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.