კარანტინში დაპატიმრებული ფული, ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომების განხორციელება დაიწყო.
Sputnik

1 აპრილამდე მიმოქცევიდან ეროვნულ ბანკში შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 14 დღის განმავლობაში შეინახება.

ფულის კარანტინში გაგზავნა ინფექციის გავრცელებას ხელს დიდად ვერ შეუშლის, რადგან სანამ კუპიურები საბოლოოდ შევა საცავში, იგი საკმაოდ ბევრჯერ მოინაცვლებს ადრესატს, ანუ ხელს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით დიდი ვერაფერი გამოსავალია, მიაჩნია ეკონომიკის დოქტორს ნიკა შენგელიას.

კარანტინში დაპატიმრებული ფული, ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა

ეკონომისტის აზრით, ლარის ორკვირიანი კარანტინის ნამდვილი მიზანი ბაზარზე ეროვნული ვალუტის მასის შემცირებაა.

„ეროვნული ბანკის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინში გაშვებული ლარის კუპიურები ბაზარზე ნაღდი ფულის დეფიციტს შექმნის, ეს კი გაზრდის მასზე მოთხოვნას და ხელს შეუშლის ლარის დევალვაციას“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ეკონომისტის თქმით, მართალია, ლარზე მოთხოვნის გაზრდამ, ერთი მხრივ, შეიძლება დადებითი შედეგი მოიტანოს ეროვნული ვალუტის გამყარების კუთხით, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ნაღდი ფულის დეფიციტმა რეგიონებში  გარკვეული პრობლემები შექმნას, რადგან თუ საქართველოს დიდ ქალაქებში პლასტიკური ბარათები მოსახლების დასაქმებულ ნაწილს მაინც აქვს, სოფლებში და პატარა დასახლებულ პუნქტებში ანგარისწორების ძირითადი საშუალება ნაღდი ფულია.

როგორ აისახა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საფინანსო ბაზრებზე

„მართალია, ჯერ არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა მოიყრის თავს საკარანტინო სივრცეში, მაგრამ ცხადია, რომ თვითონ ეს ფაქტი შეამცირებს ფულის მასას ეკონომიკაში, რაც, რა თქმა უნდა, რეფინანსირების ისედაც მაღალი 9%-იანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, რეალური ეკონომიკის სექტორისთვის სერიოზული დარტყმა იქნება“, – ამბობს ნიკა შენგელია.

ეკონომისტი ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო ამოღებული ბანკნოტები ახლით შეეცვალა, რათა ორკვირიან კარანტინს ნაღდ ფულზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი არ გამოეწვია ბაზარზე.

„როგორც სისხლს ადამიანის ორგანოების ფუნქციონირებისათვის აქვს მნიშვნელობა და მისი რაოდენობა უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, ასევეა ფული ეკონომიკისთვის. ის უნდა იყოს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ეკონომიკის სასიცოცხლო ციკლისათვის. მისი ნაკლებობა ეკონომიკას დააზიანებს ან საერთოდ გააჩერებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი კარანტინში გაგზავნილი ფულადი მასის ახლით ჩანაცვლებაზე არაფერს ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩვენს ეკონომიკას ჯერ 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით წაართვა სისხლი და ახლა ნაღდი ფულადი მასის შემცირებით უკვე საერთოდ გაწირა განადგურებისათვის“, – მიაჩნია ექსპერტს.

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მცდელობა, ფულისთვის ორკვირიანი კარანტინის დაწესებით იმოქმედოს ლარის კურსის გაუფასურების შეჩერებაზე, საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0807 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ დაცემა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა დაემატა. კვირის დასაწყისიდან ლარის კურსი 7,9%-ით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსის წინა მინიმალური ნიშნული 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც კურსი იყო 2,9808 GEL/$1.

როგორ კეთდება ფული ფასიანი ქაღალდებით

ლარის ვარდნის შეკავების მიზნით ეროვნულმა ბანკმა გასულ პარასკევს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 20 მლნ დოლარი გაყიდა, ბანკი 19 მარტს სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარის გაყიდვას გეგმავს. 

ამას გარდა, 18 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცვლელი დატოვა რეფინანსირების განაკვეთიც და ის ისევ 9.0 პროცენტს შეადგენს.

„იმ პირობებში, როდესაც აპირებ აუქციონზე 40 მილიონის გამოტანას და დღე-დღეზე ელოდები დახმარებას სავალუტო ფონდიდან, საპროცენტო განაკვეთის 9%-ზე შენარჩუნება რეალური ეკონომიკის სტიმულირებისა და განვითარებისათვის 0%-იანი შედეგის მომტანია. შესაძლებელი იყო მისი დაწევა თუნდაც 8%-მდე, რადგანაც ლარის კურსთან მიმართებაში ეს მაინც დიდად არაფერს შეცვლის“, – მიაჩნია ნიკა შენგელიას.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, 19 მარტის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. 

რა ელის ლარს და რომელ ვალუტაში შევინახოთ დანაზოგი

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ეროვნულმა ბანკმა მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანონ ხელები და, შეძლებისდაგვარად, გამოიყენონ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები, დისტანციური საბანკო მომსახურება.

 

ნატა პატარაია