კორონავირუსის ექსპრესტესტი ჩინელმა მეცნიერებმა ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქებიდან ერთ თვეში შექმნეს.
ტესტის ჩასატარებლად იღებენ ნაცხს პირის ღრუდან ან ცხვირიდან. ასეთ ანალიზს შეუძლია დაავადების სწრაფად, სულ რაღაც 15 წუთში გამოვლენა.
იქნება თუ არა შესაძლებელი კორონავირუსის მკურნალობა სახლში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს >>
მაგრამ აქაც არის რამდენიმე „მაგრამ“. საინკუბაციო პერიოდი ორიდან 14 დღემდე გრძელდება (შეიძლება ვითარდებოდეს პრაქტიკულად უსიმპტომოდ) და დროის ამ შუალედში ტესტირება უშედეგოა, რადგან დაავადებას არ აჩვენებს.
სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ტესტის გაკეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ინფიცირების საფუძვლიანი ეჭვი. კერძოდ - გამოვლენილია სიმპტომები (მშრალი ხველა, ტემპერატურა), არსებობს მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ან ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია.
ტესტის ფასი
გერმანიასა და ევროკავშირში ტესტის გაკეთება 200 ევრო ჯდება. კლინიკა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აფინანსებს, თუ პაციენტი ექიმის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.
აშშ-ში კორონავირუსის ტესტირების ფასი 3000-დან 3300 დოლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების კერას - ჩინეთს - აქ მთავრობამ ანალიზებისა და პაციენტების მკურნალობის ხარჯების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო. პაციენტისთვის ვირუსზე ტესტის გაკეთება დაახლოებით 370 იუანი ჯდება (53 დოლარი).
ამ მომენტისთვის არც წამალი, არც ვაქცინა ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ არ არსებობს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ვაქცინა კიდევ ექვსი თვე არ იქნება. მანამ კი დედამიწის ყველა მცხოვრების ამოცანაა - მაქსიმალურად დაიცვას თავი ამ დაავადებისგან.
როგორი ვითარებაა საქართველოში?
დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზს სვამენ ტესტების მეშვეობით, რომლებიც პასუხს 12-24 საათში იძლევა. ასეთი ტესტი ქვეყანაში სამი ათასია. მთავრობა კიდევ 20 ათასის შეძენას აპირებს. დღე-ღამეში სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც კორონავირუსს მკურნალობენ, ასი ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად პანიკაც იმატებს. მოქალაქეები სულ უფრო ხშირად რეკავენ ცხელ ხაზზე და გამოთქვამენ ეჭვს, რომ ახალი ვირუსით არიან ავად.
საქართველოში კორონავირუსის ტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფასო, თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი ფასიანია. მისი გაკეთება შესაძლებელია თბილისში, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, თუმცა აქ მისი ღირებულება 600-700 ლარია.
ამჟამად საქართველო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან ექსპრესტესტების შემოსატანად, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების შემთხვევაში, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.