დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მომსახურება იზღუდება

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. 18 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით იზღუდება მიკროავტობუსების მომსახურება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38–ს მიაღწია >>

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა. საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან მიკროავტობუსი, როგორც მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად მიიჩნია.

გახარია: ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მორაობა მთლიანად აიკრძალა.

რუსთავში დღეიდან კერძო სამარშრუტო ტაქსები მთლიანად გაჩერდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ამასთან, ნაწილობრივ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ, რუსთავი-თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით 11 ხაზიდან მხოლოდ ხუთი იმოძრავებს.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა მთლიანად ჩერდება ბათუმშიც. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსებს მუნიციპალური ავტობუსებით ჩაანაცვლებენ. ბათუმში 150 ავტობუსი და 620 მიკროავტობუსი მუშაობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 620 მიკროავტობუსი გაჩერდება და ამას საქალაქო ინსპექცია გააკონტროლებს.

თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

რაც შეეხება ქუთაისს, დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აქაც აიკრძალა და ქალაქში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. მათი მარშრუტები კი შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქში არ იქნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 81 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.