თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ 99 ადამიანია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები 17 მარტს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომელსაც უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

იქნება თუ არა შესაძლებელი კორონავირუსის მკურნალობა სახლში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს>>

ყველა მოქალაქე, რომელმაც თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში ჯამში, 99 ადამიანია იძულებით გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია>>

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 216 პაციენტია.