თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარე ზაფხულში 12 ქალაქში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო ერთი წლით გადაიდო.
ევროპის ჩემპიონატის მატჩები ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო. თავიდან ტურნირის გამართვა ივნისი–ივლისში იყო დაგეგმილი.
ადრე უეფამ განაცხადა, რომ სამშაბათს, 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართებოდა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ევროპული შეჯიბრების, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხებზე იმსჯელებდნენ.
მანამდე ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მატჩები, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშებები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.