საკარანტინო წესების დარღვევაზე დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საჭიროა მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში საკარანტინო წესების დარღვევისთვის მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

გახარია: ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.

„მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესი განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას – იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები“, – განაცხადა თალაკვაძემ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველო წარმატებით ახერხებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას. თვითიზოლაციის დარღვევის თითოეული შემთხვევა კი საზოგადოებისთვის წარმოადგენს რისკს, ამიტომაც „ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს“.

შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 22 ახალი ფაქტი გამოვლინდა.  

ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ამ დროისათვის საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. 

ბრძოლა კორონავირუსთან

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში. შექმნილია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს ვითარებას და მუშაობს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.