სარესტორნო ბიზნესის თანამშრომლებს უხელფასო შვებულებებში გაუშვებენ

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ სამასპინძლო ბიზნესში კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგად გამოწვეული ზარალი შემცირდეს.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კაფე-ბარებსა და რესტორნებისთვის  შეზღუდვების დაწესება სამასპინძლო ბიზნესს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს, განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისებმა.

კოტე გაბრიჩიძის განმარტებით, 100 რესტორნიდან 95 მაინც დაიხურება, იმ მცირე ნაწილს კი, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას გამოძახებებზე, შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

სამედიცინო პირბადეებს საქართველოში შეკერავენ

„ჩავთვალოთ, რომ ეს ბიზნესი გავაჩერეთ ისევე, როგორც ავიაცია და სასტუმროები გავაჩერეთ, რადგან რეალურად გამოძახების ბიზნესი ადეკვატურ ცვლილებებს არანაირად არ მოგვცემს. ალბათ, ასი რესტორნიდან დაიკეტება 95. ის ხუთი, რომელიც არ დაიკეტება, გამოძახების იმედად დარჩება, მაგრამ გამოძახებაც ალბათ, მესამედი ან მეოთხედი იქნება იმისა, რაც ბრუნვა ჰქონდა“, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ამასთან, მისი თქმით, შესაბამისად საჭირო გახდება თანამშრომელთა დროებით, უხელფასოდ დათხოვნა.

„რეალურად მოხდება პერსონალის დროებით უხელფასოდ გაშვება, დაახლოებით 95 პროცენტი დაჯდება სახლში. ეს ადამიანები ფაქტიურად ყოველგვარი სახსრების გარეშე რჩებიან. კომერციული ორგანიზაცია დამოკიდებულია მთლიანად შემოსავალზე“, – განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არის ობიექტები, რომელსაც დიდი ტერასა აქვს და მას შეუძლია, ხალხი დასვას და მოემსახუროს ქუჩაში.

განათლება პანდემიის დროს: საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

„გვეუბნება რამდენიმე ჩვენი რესტორატორი, ასოციაციის წევრი, რომ იქნებ შესაძლებელი იყოს ქუჩაში მუშაობა,  არავის უნდა თავის გამოზრდილი პერსონალის სახლში გაშვება, რადგან იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს შემოსავალი. სხვადასხვა რეალობაა სხვადასხვა ობიექტზე. ასე რომ, ერთიანი ცელის მოსმა ამაზე არ ხდება. ზოგადად ეს პრობლემა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის გარშემო ბევრ სხვა კომპანიებს შეეხება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ამასთან, კოტე გაბრიჩიძის თქმით, პრობლემა იმ სადისტრიბუციო კომპანიებსაც შეექმნებათ, რომლების მსგავსი კვების ობიექტებთან თანამშრომლობენ.

„სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვამარაგებენ პროდუქციით, რჩებიან სამუშაოს გარეშე. სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც გვემსახურებიან, ასევე რჩებიან სამსახურის გარეშე“, - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ აღნიშნული ზარალი და დარტყმა შემცირდეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ ჩაკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა ასევე რუსეთთან. თურქეთის საზღვარზე კი მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ჩაკეტილი.

უსაფრთხოების მიზნით სათამაშო ბიზნესის ტიტანი დროებით წყვეტს მუშაობას

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

60 წელს გადაცილებულ პირებს კი მთავრობა ურჩევს, არ გავიდნენ შინიდან.