აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მევალეების გამოსახლება აპრილამდე შეაჩერა

მევალეების გამოსახლების დროებით შეჩერება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობით არის განპირობებული.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მევალეების გამოსახლება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეაჩერა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ უწყების პრეს-სამსახურში.

„13 მარტიდან 1 აპრილამდე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დროებით შეზღუდა: - აღმასრულებლის მხრიდან მისამართზე ვიზიტი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მიზნით; - აღსრულების პოლიციის ვიზიტი მისამართზე იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების მიზნით; - სოციალური მუშაკისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მისამართზე ვიზიტი საქმისწარმოების ფარგლებში მხარეების ინფორმირებისა და მორიგების წარმოების მიზნით“, – აღნიშნეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

რას შეცვლის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში

მევალეების საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ხდება.

როგორც ბიუროში განაცხადეს, ამ გადაწყვეტილების მიღება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნითა და შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით მოხდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირის განმავლობაში აკრძალული იქნება.

მთავრობა კაფეებსა და ბარებს აძლევს რეკომენდაციას, შეზღუდონ მუშაობა, რომელიც მოქალაქეების მომსახურებას უკავშირდება. მთავრობის რეკომენდაციაა – მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ადამიანებთან.

ინფექციონისტები: კორონავირუსის შემდგომი ტალღა იქნება უფრო მასშტაბური, მაგრამ სუსტი >>

60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. დამატებით ამის თაობაზე საქართველოს მოქალაქეებმა დღეს მობილურ ტელეფონებზე შეტყობინება მიიღეს.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.