მსოფლიო დღეს

დღე-ღამეში მხოლოდ 15: ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა 77% განიკურნა

ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უმჯობესდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულების 77,7% უკვე განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაეწერა, ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 3,9%-ს უტოლდება, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი.  

COVID-19: აშშ ევროპასთან საზღვარს კეტავს – დასახელდა „აკრძალული“ ქვეყნები

ბოლო მონაცემებით, კონტინენტურ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 932 კაცს შეადგენს, აქედან გარდაცვლილია 3 172 და განკურნებულია 62 882 პაციენტი, რაც არის კიდეც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 77%.

სულ ჩინეთში, ეპიდემიის დაწყების დღიდან, ჰუბეის პროვინციის გარეთ ინფიცირების 13 012 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათგან ლეტალურად დასრულდა 113. უშუალოდ ინფექციის ეპიცენტრში – ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის 67 781 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გარდაიცვალა 3 056 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის კერაში, ქალაქ უჰანში სიკვდილიანობამ 4,86% შეადგინა.

COVID 19-თან საბრძოლველად: ჩინელი ექიმები იტალიაში მიფრინავენ>>

ბოლო დღეებში ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უმჯობესდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 6 სხვა ქვეყნებიდან იყო შეტანილი. ინფიცირების რვა შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში დადასტურდა.

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, სულ მსოფლიოში ამ დროისთვის 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.