თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურთან გაჩენილი ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, აცნობეს „Sputnik- საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
„დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა, ჯერ დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია", - აღნიშნეს უწყებაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
ტყის ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ორშაბათს, 9 მარტს გაჩნდა. საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი სერიოზული კერა დაფიქსირდა – ოზურგეთის, ამბროლაურის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ერთბაშად რამდენიმე ადგილზე ებრძოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განაცხადებით, საქართველოში ტყის ხანძრების მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა და ხანგრძლივი გვალვაა.