იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნავს, რომლებიც იტალიაში დარჩნენ და ამ ქვეყანასთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ, უკვე თბილისშია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში>>

ორი ბოინგის ბორტზე საქართველოს 156 მოქალაქე იმყოფებოდა.

იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

საქართველოს მთავრობა ქვეყნის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნავს, რომლებიც იტალიაში დარჩნენ და ამ ქვეყანასთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

გამოფრენამდე ისინი შეამოწმეს და კორონავირუსის სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც, პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14–დღიან საკარანტინო სივრცეში მოთავსდება.

„კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი, წინა რეისების გამოცდილებიდან ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ კარანტინზე. სწორედ ამიტომ განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი როგორც მათი, ასევე მათი ოჯახის წევრების და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის.იმედი მაქვს, ყველა ამას გაგებით მოეკიდება და მაქსიმალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენს", – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, იუწყება პირველი არხი.

მოქალაქეების ჩამოყვანა რომიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად მოხდა.

10 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის.

ქვეყნის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა, არ მუშაობს თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ხელისუფლების განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს და ასევე თავი შეიკავონ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისგან.

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო>>

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის ეპიდაფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.