იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რომში ჩარტერული რეისი გაფრინდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე იზრუნებს, რომლებიც იტალიაში დარჩნენ და ამ ქვეყანასთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო დაბრუნებას ვერ ახერხებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

ჩრდილოეთ იტალიაში გამოცხადებული კარანტინი 16 მლნ ადამიანს შეეხო

უწყების ცნობით, უკვე დამუშავდა იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართეს. მათი საქართველოში გამომგზავრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" ჩამოიყვანს რომი-თბილისის რეისით.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტული იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დროულად ჩამოყვანაა. ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ შესაბამისი სპეციალური ინსტრუქტაჟი და ასევე სპეციალური ეკიპირებით იმგზავრებენ.

„ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარჩნენ იტალიაში. ისინი არ არიან ინფიცირებული. ჩვენი ამოცანაა, იმ ადამიანებს მივცეთ საშუალება, დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტად ორასია", – განაცხადა რომან ბოკერიამ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

საქართველოს მოქალაქეები რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში გამომგზავრება. რამდენიმე მათგანი უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებიან, რომში მათ ჩაყვანას საქართველოს საელჩო იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყოფს.

საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

10 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის.

ქვეყნის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა, არ მუშაობს თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ხელისუფლების განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს და ასევე თავი შეიკავონ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისგან.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის ეპიდაფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.