სეზონური გრიპი უკან არ იხევს - ბოლო მონაცემები

ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და 100 ათას მოსახლეზე 161 შეადგინა
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში სეზონური გრიპით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის გამო უცხოეთის 25 მოქალაქე არ შემოუშვეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს აჯამებს გასული კვირის მონაცემებს და მას თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. საქართველოში დაავადების პიკი დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 161 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 145-ს შეადგენდა.

სეზონური გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელის გაიზარდა და 33,6%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 30,1%-ს შეადგენდა.

სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. გარდა ამისა, სპეციალისტები მსხვილ ორგანიზაციებს, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებენ სადეზინფექციო საშუალებებისა და საპნის მომარაგებისკენ.

როგორც ადრე, საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ფიქსირდება B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით.