პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები, ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შვიდი მარტიდან 16 მარტამდე დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას, იუწყება პირველი არხი.

ადმინისტრაციაში შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში, სადაც არის განთავსებული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები, ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

„სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge“, – განმარტავენ ადმინისტრაციაში და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლო სამი შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ – ნიკოლოზ გამყრელიძე იმაზე, თუ როგორ შეეყარა კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, სამსახურში არ დაუშვან ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად, ბიზნეს ან სხვა მიზნით კორონავირუსით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სწავლა დროებით შეწყვეტილია როგორც სკოლებში, ისე ბაგა-ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.