საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეული იწყება

ფასდაკლების კვირეულის მიზანი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისებაა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

ფასდაკლების კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.

თოვლი არის – ზამთრის კურორტებს განუსაზღვრელი რაოდენობით ტურისტების მიღება შეუძლიათ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ასევე ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანიაც, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონემენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე Facebook-ის გვერდებზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ფასდაკლების კვირეულის მიზანი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა,  რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისებაა.