თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში შეიძლება გაიმართოს საერთაშორისო მინისტერიალი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებს განიხილავს. ეს ინიციატივა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოში ირანის ელჩმა სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდმა განიხილეს.
როგორია ქართველი სტუდენტის მდგომარეობა, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდასტურდა>>
ირანელი დიპლომატი დაინტერესდა იმ ღონისძიებებით, რომლებსაც საქართველო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ახორციელებს.
„წამოიჭრა საკითხი, გაიმართოს მინისტერიალი რეგიონის მასშტაბით, რათა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებზე. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და, სავარაუდოდ, გადაწყდება, რომ მინისტერიალი საქართველოში გაიმართოს", – განაცხადა ტიკარაძემ.
ირანის ელჩის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იყო.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია. განვიხილეთ ვირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების გზები. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში.
5 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ რისკის ქვეყნებში გამგზავრებისგან>>
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.