კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში სპეციალური კარვები დადგეს

ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსულ მგზავრებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში გახსნილ კარვებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიყვანენ
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კარვები საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დამონტაჟდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაიქცა

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

„მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელებს დეზინფექციას უტარებს>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან.

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არა 9 მარტს, არამედ დღეს, 2 მარტს დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გაუქმდეს ღონისძიებები, რომლებიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას ითვალისწინებს.

COVID 2019: დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 40 დღის განმავლობაში>>

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 89 074 კაცს შეადგენს, აქედან ჩინეთზე 80 026 ინფიცირებული მოდის. გარდაიცვალა 3048 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 45 110 პაციენტი.