საქართველოს ყველა საბავშვო ბაღში არდადეგები გამოცხადდა

საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდება. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 16 მარტს განახლდება
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო საბავშვო ბაღსა და ხელოვნების სკოლაში არდადეგები გამოცხადდა.

კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები >>

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 2-დან 16 მარტამდე შეწყდება. დღესვე ვადამდელი არდადეგები ყველა საჯარო სკოლაში გამოცხადდა.

„გამოვაცხადეთ არდადეგები 2-დან 16 მარტის ჩათვლით, შესაბამისად, ამ პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ, რათა  მაქსიმალურად გავააქტიუროთ სადეზინფექციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვით ჩვენ აქამდეც ვმუშაობდით. დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ნიავდება საბავშვო ოთახები, ასევე სველი წესით დასუფთავება ხდება დღის განმავლობაში სათამაშოების, ინვენტარის, ყველა ძირითადი ოთახის. ასევე კვირის ბოლოს ტარდება დეზინფექცია. ჩვენ ვიყენებთ 10-მდე სხვადასხვა ქიმიურ ხსნარს, რათა ბაღებში ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

საქართველოს უნივერსიტეტებსა და კერძო სკოლებში სწავლა გადაიდო

რაც შეეხება რეგიონებს, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, ასევე არდადეგები გამოცხადდა.

„პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან. საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცა, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და ირანიდან ან იტალიიდან არის ჩამოსული.

ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.