რას მოუტანს საქართველოს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობა

საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამ სახელმწიფოსგანაც იმავეს ელოდება.  
Sputnik

დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ქონა კარგია, მაგრამ ის არაფერს შეცვლის ქართულ ეკონომიკაში, მიაჩნია ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს.

რას მოუტანს საქართველოს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობა

„რა თქმა უნდა კარგია საბაჟოების და ზედმეტი გადასახადის გარეშე შენი ბიზნესი თუ  გაიტანს საქონელს, მაგრამ დიდ ბრიტანეთსაც აქვს უფლება შემოიტანოს და შენ არ ხარ თანაბარზომიერი ქვეყანა. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ეკონომიკები რომ შევადაროთ ერთმანეთს ცა და დედამიწაა. ამიტომ უპირატესობას შენ ვერ მიიღებ, რადგან ქვეყნის შიგნით  შენი ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები არის არასწორი. ამიტომ ეს ხელშეკრულება ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრი არაფრის მომცემია“- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას. 

დემურ გიორხელიძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან მისაღებ სარგებელზე საუბრისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია თუ რამდენად ძლიერი ეკონომიკა  აქვს ქვეყანას,  რამდენად ფართოა მისი პროდუქციის ასორტიმენტი, კონკურენტუნარიანი - ექსპორტირებული პროდუქცია და რამდენად აკმაყოფილებს მისი ხარისხი ძალიან პრეტენზიულ დასავლელ და აღმოსავლელ მომხმარებელს. საქართველოს კი აქვს დაბალხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ღვინო, რომელსაც მთლიან ექსპორტში წილობრივი თვალსაზრისით ძალიან უმნიშვნელო ადგილი უკავია.   

რას შეეხება ეკონომიკისთვის მასტიმულირებელი ფუნქციის შესრულებას,  დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ აქაც, თავისათვად ეს ხელშეკრულება დიდად ვერაფერს შეცვლის, რადგან ეკონომიკას ააქტიურებს სამართლებრივი ბაზა, დავების გადაწყვეტის ოპერატიულობა, ფინანსური სექტორი, ბაზარზე თამაშის წესები და ა.შ.

ანალიტიკოსის დარწმუნებულია, რომ საქართველო მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ადგილს იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე გადავა, რადგან ამაზე მთელს მსოფლიოში უზარმაზარი მოთხოვნაა.

რატი აბულაძე: 197 ლარზე მყოფ მამაკაცს შრომისუნარიანს ვერ ვუწოდებთ

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, დემურ გიორხელიძის აზრით, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ღვინის ექსპორტით ქვეყანა სერიოზულ შემოსავლებს მიიღებს, არასერიოზულია.

„ღვინო ერთი კარგი სეგმენტია და იმუშავებს წარმატებით, მაგარმ მხოლოდ ამაზე ექსპორტში ორიენტირება არის აბსოლუტურად შეზღუდული მასშტაბის აზროვნება“- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

კომპანია Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დადებითი მოვლენად აფასებს და თვლის, რომ ეს მეწარმეებს დიდი ბრიტანეთის ბაზრის პოტენციალის უფრო მეტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ბრიტანული მხარისთვის კი ეს დოკუმენტი იქნება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი ქარული ღვინის თვითღირებულების შესამცირებლად.

„ვერ ვიტყვი, რომ ამ ბაზარზე დღეს დიდი მოთხოვნაა ქართულ ღვინოზე, თუმცა იმ შეღავათების გათვალისწინებით, რასაც ეს ხელშეკრულება მოიტანს, საშუალო ვადიან პერსპექტივაში ექსპორტის მოცულობის ზრდას ველოდებით, რა თქმა უნდა იმ მარკეტინგული აქტივობების ფონზე, რომლებიც  სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდოდ დაიგეგმება“ - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

რამაზ გერლიანი: ანაკლიის პორტში წილს მოსახლეობაც უნდა ფლობდეს

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. აქტიურად განიხილება მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან. მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს ინდოეთთან.

დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობაზე ორმხრივად შეთანხმება საქართველოსთვის მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ ქვეყანამ  ევროკავშირი დატოვა.

2019 წელს ევროკავშირთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2,8%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხიდან ექსპორტმა შეადგინა 825,7 მილიონი დოლარი (13%-ით მეტი), იმპორტმა კი – 2,3 მილიარდი დოლარი (7,4%-ით ნაკლები).

2019 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 736.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 17.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მონაცემზე და ქვეყნის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.3 პროცენტს შეადგენს.

2019 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 651.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 302.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტი) ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 221.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.4 პროცენტი).

 

ნატა პატარაია