თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა" დადგეს. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები ამ დღეებში მიმდინარეობს.
ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა" 1890 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობის დასახელება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის №9 სონატის მიხედვით ეწოდა, რომელიც დიდმა კომპოზიტორმა ფრანგ მევიოლინე რუდოლფ კრეიცერს მიუძღვნა.
სიყვარული მეორე სიცოცხლეა, ანუ რატომ მიიღო ლევან წულაძემ პრემია „დურუჯი“>>
დადგმის ავტორები არიან რეჟისორები ლევან წულაძე და თემო კუპრავა. წულაძის თქმით, ისინი სპექტაკლში შეეცადნენ, ორგანული ყოფილიყო წარსულისა და აწმყოს შეხვედრა. დადგმაში ოსტატურად არის ტრანსფორმირებული მე-19 საუკუნის გმირის მონოლოგი, როგორც იმ პერიოდზე ფილმის გადაღება; ანუ, სპექტაკლში იღებენ ფილმს „კრეიცერის სონატა" და სურათის გადაღებისას პროცესის ერთ-ერთი მონაწილე საკუთარი ცხოვრებიდან სიყვარულის ისტორიას იხსენებს.
„არ გვინდოდა დაგვეკარგა XIX საუკუნის ბოლო, რაც არის ამ ნაწარმოების ადრესი, და დაგვეკარგა დღევანდელი დღე, იმიტომ, რომ უცნაური რამე ხდება, რასაც ფიქრობდა ადამიანი საუკუნის წინ, გენდერული თვალსაზრისით, იგივე ხდება, არაფერი არ შეცვლილა", - აღნიშნავს წულაძე.
ლევ ტოლსტოი: ღმერთი იქ არის, სადაც სიყვარულია...>>
დამდგმელი რეჟისორები აღნიშნავენ, რომ შიშობდნენ, სპექტაკლი იაფფასიან მელოდრამას არ დამსგავსებოდა და მით უფრო, რომ რეჟისორები მხარს უჭერენ ან ამართლებენ რომელიმე მხარეს - მამაკაცს ან ქალს.
„ეს არის თავის თავში შეყვარებული ნარცისის, ინტელექტუალის ილუზია, რომ მას შეუძლია კონტროლს დაუქვემდებაროს საკუთარი ცხოვრება. როდესაც კონტროლს არ ექვემდებარება ეს ყველაფერი, ის ინგრევა, ფეთქდება, როგორც ბომბი... ეს არაა სპექტაკლი გენდერულ თანასწორობაზე. ესაა სპექტაკლი იმაზე, როგორი მძიმე გრძნობაა სიყვარული", - აღნიშნავს რეჟისორი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიკოლოზ კუჭავა, ლელა მებურიშვილი, მანანა კაზაკოვა-წულაძე, ქეთევან ცხაკაია და სხვები. დადგმაზე ასევე მუშაობდნენ კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე და ქორეოგრაფი თინათინ წულაძე.