თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აფართოებს პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" და ამატებს ახალ კომპონენტს – აუქციონს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე. ამის შესახებ ინიციატივის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა>>
პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორმა საკუთრებაში უკვე 50 სახელმწიფო ობიექტი მიიღო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ გავაფართოეთ ეს პროგრამა და დღეს ვაანონსებთ მის ახალ კომპონენტს, რომელიც უკვე შეეხება წიაღისეულის ათვისებას. ვთავაზობთ ბიზნესს 100 პარალელურ ელექტრონულ აუქციონს", – განაცხადა თურნავამ.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე გავიდა 100 საბადო, რომლებიც კომერციულად მიმზიდველია. ხელისუფლება პირობას დებს, რომ პრივატიზაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ყველა დაინტერესებულ პირს ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების თანასწორი შესაძლებლობა ექნება.
„ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი. მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები. ეს რესურსი არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენი ეკონომიკის ზრდას", – აღნიშნა თურნავამ.
თურნავას განცხადებით, ყველა ობიექტის საწყისი ჯამური ღირებულებაა 82 მლნ ლარი, თუმცა მოსალოდნელი ინვესტიციები 120 მილიონ ლარს აჭარბებს. მთავარი პირობა ბიზნესისთვის – მოპოვების გარდა, ნედლეულის საქართველოში გადამუშავებაზე ზრუნვაა.
ინიციატივის წყალობით დასაქმდება 1,8 ათასი ადამიანი.
„გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არა მხოლოდ მოპოვებული იყოს საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. გვსურს, რომ ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს აქ და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში", – განაცხადა თურნავამ.
ახალი ინიციატივის პრეზენტაცია მარნეულში, ბაზალტის კარიერზე ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.
ეს საბადო ერთ-ერთია იმ 100 საინტერესო ობიექტიდან, რომლებიც შეთავაზებული იქნება ინვესტორებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე აქ სულ ცოტა 2 მლნ ლარის ინვესტიციები ჩაიდება, აშენდება ბაზალტის გადამამუშავებელი ახალი საწარმო და მინიმუმ 20 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, განაცხადა მინისტრმა.
ვინ იყიდის „რიყის დოქებს"? – ყველაზე ექსტრავაგანტური კომპოზიცია აუქციონზე გაიტანეს>>
საქართველო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყანაში მოიპოვებენ ოქროს, ქვანახშირს, მანგანუმის მადანს, პოლიმეტალებსა და ინერტულ მასალებს.