უნდა დაბრუნდეს თუ არა შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე - ექსპერტთა მოსაზრება

ექსპერტთა მოსაზრება იმის თაობაზე, უნდა დაბრუნდეს თუ არა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი თანამდებობაზე, ორად გაიყო მულტიმედიურ პრესცენტრ „Sputnik-საქართველოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
Sputnik

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა და სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ვენედი ბენიძემ.

უნდა დაბრუნდეს თუ არა შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე - ექსპერტთა მოსაზრება

მომდევნო პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, დაამტკიცებს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

საქართველოს საპროკურორო საბჭო გენპროკურორის თანამდებობაზე შოთაძეს წარადგენს >>

როგორც ცნობილია, ირაკლი შოთაძის კარიერაში საბედისწერო აღმოჩნდა 2017 წლის დეკემბერში ორი მოზარდის, დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება. პროკურატურამ სასამართლოზე ვერ დაამტკიცა მკვლელობაში დადანაშაულებული სკოლის მოსწავლის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციებისა და საზოგადოების აღშფოთების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.

უნდა დაბრუნდეს თუ არა შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე - ექსპერტთა მოსაზრება

 „სამწუხაროდ, ამ პრაქტიკამ საფუძვლიანად მოიკიდა ფეხი ბოლო წლებში. ვერცერთი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს ვერცერთი თავმჯდომარე ვერ დარჩა თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით. ალბათ მიზეზი ისტორიულ პირობებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა და რომლებიც დღემდე არსებობს. პირველ რიგში, ამის მიზეზი - არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა.

უნდა დაბრუნდეს თუ არა შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე - ექსპერტთა მოსაზრება

„თუ საუბარია იმაზე, სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა შოთაძემ, ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ჯერ ერთი, უნდა წარუდგინონ კონკრეტული ბრალდება. მაგალითად, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ვინაიდან თავისი უფლებამოსილების შესრულებისას სერიოზული დარღვევები ჰქონდა. ეს არ მომხდარა“, - აცხადებს ვენედი ბენიძე.

სკანდალური გასაუბრება ირაკლი შოთაძესთან >>

ბენიძის თქმით, შოთაძე, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლით, აჰყვა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კაპრიზებს.

უნდა დაბრუნდეს თუ არა შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე - ექსპერტთა მოსაზრება

დისკუსიაში მეფარიშვილმა ბენიძის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ისეთ კრიტიკულ ვითარებაში სწორი იყო.

„ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკური, ისე მორალური - იყო ისე მოქცევა, როგორც შოთაძე მოიქცა“, - ხაზი გაუსვა მეფარიშვილმა.

ამ შემთხვევაში, პროფესორ ბენიძის აზრით, შოთაძეს აღარ უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

„გადადგომა არასწორი გადაწყვეტილება იყო. და მისი დაბრუნებაც არასწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ ის უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ გაითვალისწინა სიტუაცია და კეთილი ინებოს და მოიცადოს“, - მიიჩნევს სამართლის დოქტორი.

ირაკლი შოთაძე „ძველ სავარძელს“ მიუახლოვდა: კანდიდატების შორტ-ლისტი

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის მისვლის შემდეგ უწყებაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც იძიებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს, დაინიშნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საქმეებზე, ასევე, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო გენერალურ პროკურატურასთან.

ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტზე, შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმის საქმე.

ორივე ექსპერტს გაუჭირდა პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს სისტემასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე შოთაძის დაბრუნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ასევე შეძლებს თუ არა იგი ისტორიაში პირველად თანამდებობაზე იმდენხანს დარჩენას, რამდენიც მთავარი პროკურორისთვისაა განსაზღვრული.

„რა იქნება შემდეგ? მინდა იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ალბათ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“, - აღნიშნა მეფარიშვილმა.