მოსკოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაასახელეს მთავარი პირობა იმისთვის, რომ საქართველოსთან გასული წლის ივლისში შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ამჟამად მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი>>

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, დღეისთვის ეს თემა ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. მისი განხილვისთვის მზად ვიქნებით, როდესაც გადალახული იქნება ორმხრივ ურთიერთობებში შარშანდელი კრიზისის ნეგატიური შედეგები", – განაცხადა რუდენკომ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მაშინ იქნება საუბარი შესაძლებელი, როდესაც თბილისში შეწყდება რუსოფობიული კამპანია და გაქრება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის საშიშროება.

რუდენკომ აღნიშნა, რომ 2019 წლის ივლისში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა დროებითი იძულებითი ზომაა, რაზეც მოსკოვი თბილისში 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციის დროს მოწყობილი უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ წავიდა.

„კარგი გაკვეთილი“: გრიგორი კარასინი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს>>

„ლაპარაკი მისი გაუქმების შესახებ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ამისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებაზე, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რამე სახის საშიშროების გაქრობაზე", – განაცხადა რუდენკომ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება

უფრო ადრე საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ხოლო ტურისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ქართულ-რუსული ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი გავრილოვი ჩამოვიდა, რომელიც მონაწილეობდა მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერნეციაში. ამას დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც აიკრძალა საჰაერო გადაზიდვები ქვეყნებს შორის.

აბაშიძე და კარასინი პრაღაში პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმსჯელებენ>>

საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.