როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო ის გეგმები, რომელთა რეალიზაციას დედაქალაქის ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება 2020-2021 წლებში იგეგმება.

თბილისში მომავალი კვირიდან 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს >>

კალაძის თქმით, ეს ის პროექტებია, რომლებიც უკვე დაიგეგმა - დარჩენილია მხოლოდ ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა.

„პარალელურად, ვიმუშავებთ იმაზე, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება ერთდროულად არ მოხდეს, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ. ეს შეიძლება დამატებითი პრობლემა იყოს და თბილისელებს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას“, - განაცხადა კალაძემ.

პარკები და სკვერები

მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს შორის თემქის ხევის რეაბილიტაციაა, რომელიც დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება - 43 მილიონი ლარი. ტერიტორიის ირგვლივ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მერიის გეგმებშია აღნიშნული ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს.

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი იწყება

პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, რომლებიც ზღვის უბნის ორ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. ასევე მოეწყობა კაფეები, სპორტული მოედნები და ორი ხელოვნური ტბა.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია კიდევ ერთი მსხვილი პროექტია, რომლის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. აქ კასკადების და შადრევნების აღდგენა იგეგმება. რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. პროექტის საერთო ღირებულება 30 000 000 ლარია.

გარდა ამისა, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ბილიკები მოეწყობა. პროექტის განხორციელება ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით უახლოეს მომავალში დაიწყება.

მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14,8 მლნ ლარია.

დიღმის ჭალების პროექტი გლდანის ხიდებთან მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. სამუშაოები ორ წელიწადს გაგრძელდება. ამჟამად ეს ტერიტორია წარმოადგენს ნაგავსაყრელს. პროექტის განხორციელების შემდეგ აქ გაჩნდება როგორც სპორტული, ისე სარეკრეაციო სივრცეები, მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.

მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით დაიკეტება

ორი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება ვარკეთილში. ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე გაჩნდება. ამისათვის 500 ათასი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ვარკეთილში 7,6 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. აქ დაირგვება ხეები, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მეორე სკვერი მოეწყობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე. პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია.

გზები

დედაქალაქის მერია რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის არის პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დააკავშირებს. მოეწყობა შვიდი სატრანსპორტო კვანძი, გაუქმდება ყველა შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებელი გახდება.

პროექტი უკვე მზადაა და ტენდერი უახლოეს მომავალში განხორციელდება. სამუშაოების ღირებულებაა 21,6 მლნ ლარია და მის დასრულებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება.

მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ

2020 წელს დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულება დაახლოებით 56 მილიონი ლარია და მისი მშენებლობა ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის ხიდი მდინარე ვერეზე აიგება.

მერიის გეგმებშია ასევე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი, ყველაზე გრძელი - მინდელის სახელობის ხიდის რემონტი, რომლის სიგრძე 600 მეტრია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება ასფალტის საფარი, განათება, მოაჯირები. პროექტისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის გეგმებშია ასევე ქეთევან დედოფლის გამზირის, წერეთლის გამზირის და ვაჟა-ფშაველას გამზირის რემონტი.

ხეივნები

2020 წელს იგეგმება მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია.

მოსკოვის გამზირზე პროექტის საერთო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. აქ იგეგმება გამწვანება, ველობილიკებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობა.

ანალოგიური პროექტი დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ისტორიული ძეგლები

მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაციაა. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი იქნება.

მიმდინარე წელს ასევე, დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, მოხდება შენობის გამაგრება და ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ძეგლი დაიდგება

ამასთან, თბილისის განვითარების ფონდი განაგრძობს ისეთი პროექტების განვითარებას, რომელიც დედაქალაქში ერთიან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. ესენია: დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია. ორივე ბაღის ფართობი, დაახლოებით, 40 000 კვადრატული მეტრია. სამუშაოების განხორციელებას 17 მილიონი ლარი დასჭირდება და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

რაც შეეხება გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.

გარდა ამისა, თბილისის განვითარების ფონდი ასევე, იწყებს მტკვრის სანაპიროების რეაბილიტაციის პროექტს. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება დედაენის ბაღის კიდევ უფრო მიახლოება მტკვრის კალაპოტთან, მოიხსნება ჯებირები, მოეწყობა ქვის კიბეები.

2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კადეტთა კორპუსსაც. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯება.