„ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თბილისის ქუჩები მკაფიოდ ჩანს - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს

ფილმის თრეილერში კი სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ - კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია, ნუცუბიძის პლატო, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინტერნეტში ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast & Furious 9) სამწუთნახევრიანი ოფიციალური თრეილერი ვრცელდება, რომელშიც თბილისის ხედები კარგად ჩანს. ვიდეოს ხუთ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

რამდენიმე დღის წინ კი ფილმის 15-წამიანი თიზერი გავრცელდა, სადაც ასევე თბილისი, კონკრეტულად კი თავისუფლების მოედანი ჩანს.

ფილმის თრეილერში კი სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ - კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია, ნუცუბიძის პლატო, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

გადაღებები ხუთი კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე  მიმდინარეობდა. კინომწარმოებელი კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ფორსაჟი 9“-ის პირველ თიზერში თბილისში გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს >>

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.