ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

საკრედიტო პორტფელის ზრდამ, შესაძლოა, დამატებითი ზეწოლა მოახდინოს ინფლაციაზე, ფიქრობენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირებისთვის კრედიტების გაცემის პროცედურის გამარტივებას აპირებს და ამაზე მუშაობს კიდეც, განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

საბანკო რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხი აღარ გაიცემა. ამასთანავე განისაზღვრა ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით კრედიტის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – შემოსავალი 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. 

პრემიერი: დაკრედიტების პოლიტიკა არ გადაიხედება

გვენეტაძის სიტყვებით, ამჟამად იგეგმება ზემოხსენებული ოთხი ჯგუფის ორამდე შემცირება და ეროვნული ბანკი ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს აწარმოებს.

„რეგულაციების ტექნიკური გამარტივებისთვის ჯერ კიდევ გარკვეული დრო გვჭირდება. მარტიდან შერბილება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ჯერ კონკრეტულ დეტალებს გავდივართ. ვფიქრობ, ეს ტექნიკური გამარტივება ამ რეგულაციას უფრო მოქნილს გახდის, შეამცირებს ბიუროკრატიულ ტვირთს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი გააგრძელებს პრინციპს, რომლის თანახმად, კრედიტის გაცემა უნდა მოხდეს პირის შემოსავლების შესწავლის საფუძველზე, რაც ფინანსური სტაბილურობის რისკს შეამცირებს.

საკრედიტო პორტფელის ზრდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კმაყოფილია 2019 წლის საკრედიტო პორტფელის ზრდით.

„გასული წელი იყო საკმაოდ კარგი, საკრედიტო პორტფელის ზრდამ 15 პროცენტს მიაღწია. საკმაოდ დიდი იყო ზრდა კორპორაციულ სექტორში – 30 პროცენტი, მცირე და საშუალო ბიზნესი – 18 პროცენტი და საცალო სესხები – 5 პროცენტი“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

საქართველოში ინფლაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდა შესაძლოა შენელდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის ბოლოს მთელ საკრედიტო პორტფელში კორპორაციული სესხების წილი 31% იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 34%-მდე გაიზარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი – 24,9%-დან 25,5%-მდე, ხოლო საცალო სესხების წილი 44%-დან 40%-მდე შემცირდა.

ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლოს ბანკების მიერ გაცემული საკრედიტო პორტფელის მოცულობა 31,92 მილიარდი დოლარი იყო, რაც 1,8%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა 2,3%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტებისა – 1,4%-ით. 2020 წლის 1 იანვრისთვის კრედიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 55,38% შეადგინა.

დაკრედიტების ზრდა ინფლაციაზე მოქმედებს

საკრედიტო პორტფელის ზრდამ შეიძლება ინფლაციაზე დამატებითი ზეგავლენა მოახდინოს, მიაჩნიათ ეროვნულ ბანკში.

"ბოლო დროს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა შეინიშნება. თუ ეს დინამიკა ინფლაციაზე დამატებით ზეგავლენას იქონიებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხანგრძლივად შენარჩუნდება", – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა. 

ეროვნულმა ბანკმა შეიძლება კრედიტების გაცემის წესები გაამარტივოს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა სექტემბრიდან გაამკაცრა გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.

დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლის პირობებში 7% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზომების წყალობით, ლარის გაცვლითი კურსი დასტაბილურდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონემ წლის დასაწყისიდან შემცირება დაიწყო და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.

„ეს უზრუნველყოფს მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც კვლავ მკაცრი იქნება, ვიდრე საშუალოვადიანი ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელ 3%-მდე არ დაიწევს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პროდუქცია არ გაიაფდება

საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის კურსზე გავლენას არ იქონიებს. 

ინფლაცია საქართველოში: ცხოვრება ერთ წელიწადში 7 პროცენტით გაძვირდა

„ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსზე ეს გავლენას არ იქონიებს. ლარის კურსი 2.87 GEL/$1 – 2.93 GEL/$1 დიაპაზონში იქნება“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკმა ასეთი საპროცენტო განაკვეთი დატოვა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ 18 მარტს ის რეფინანსირების განაკვეთს 0,5%-ით დაწევს.

„ეკონომიკურ აქტივობაზე ეს არანაირად არ იმოქმედებს. უბრალოდ ეროვნული ბანკი ინფლაციას აჩერებს და აკვირდება ფასებს. მაგრამ ჩვენ უკვე გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ფასები არ შემცირდება, უბრალოდ ინფლაცია შეჩერდება და შენარჩუნდება მაღალი ფასები პროდუქტებზე“, – აღნიშნა შენგელიამ.