COVID-19 - ბოლო ცნობები

ლევან დავითაშვილი: პროდუქტები ჩინეთიდან საშიში არ არის

საქართველომ ცოცხალი ცხოველების იმპორტზე შეზღუდვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების საფუძველზე შემოიღო
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ცოცხალი ცხოველების გარდა, დანარჩენი პროდუქტები ჩინეთიდან საშიში არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო საზოგადოებაში ჩინურ პროდუქციასთან დაკავშირებით შეშფოთება იგრძნობა. ამასთან ერთად, ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე საქართველომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების შემოტანა აკრძალა.

საქართველომ ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი აკრძალა >>

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვყავს საქართველოში სამედიცინო კვლევის ცენტრის რისკების შეფასების ჯგუფიც. შესაბამისად, იმ რეკომენდაციას სრულად ვითვალისწინებთ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ. რეკომენდაციების თანახმად ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ადრე კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ჩინური წარმომავლობის საგნები (მაგალითად, ამანათები) საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა.

გუდაურიდან ჩამოყვანილ ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ

ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დაინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან 20% -ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა 17 ქვეყანაში.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაში სერიოზული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

ბრიფინგზე სპეციალისტებმა ყველას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულმა ადამიანებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ გადიან სპეციალურ შემოწმებას, რადგან ეს სკანერებით ხდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს ვირუსი არ გავრცელდეს.