თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძები და გზამკვლევი თბილისის „გემრიელ" ადგილებში – საქართველოს ეროვნულ კულინარიას CNN Travel-მა მთელი სტატია მიუძღვნა.
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ კერძებს დააგემოვნებენ>>
მასალაში ჟურნალისტი პოლ რიმპლი (Paul Rimple) მკითხველს აცნობს, თუ სად ამზადებენ თბილისში ამა თუ იმ კერძს ყველაზე უკეთესად. რიმპლი ასევე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ამჟამად ნამდვილი კულინარიული რევოლუცია ხდება. შეფ-მზარეულები ხელოვნურად ცვლიან ქართული კერძების კონცეფციას, მაგრამ არ ივიწყებენ ძველ კულინარიულ ტრადიციებს, წერს ავტორი.
კერძების ნუსხაში, რომლებიც, CNN Travel-ის რეკომენდაციით, თბილისში ჩასულმა ტურისტებმა უნდა გასინჯონ, არის ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო, ღომი და ჩაქაფული.
სტატიის ავტორი თითოეულ კერძზე ამახვილებს ყურადღებას, აღწერს, სად „დაიბადა“ და როგორ მზადდება.
„მთიანი რაჭა ცნობილია თავისი ლორითა და ნახევრადტკბილი ხვანჭკარით. რაჭაში დაიბადა ასევე ქათმის ნივრიანი კერძი შქმერული. ესაა ჩაშუშული ქათამი რძითა და საკმარისი რაოდენობის ნივრით იმისთვის, რომ ვამპირების მთელ ბატალიონს დაუდგეს წინ. შქმერული სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის", – ხუმრობს რიმპლი.
ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, ქართული სამზარეულო ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ევროპასა და აშშ-ში. როგორც რიმპლი ამტკიცებს, „ხინკალს ახვევენ პორტლენდში, ორეგონსა და ბერლინში", „მანჰეტენსა და ვარშავაში პურის ქერქს გამდნარ ქართულ ყველში აწობენ", ხოლო „ვაშინგტონსა და ლონდონში ტკბებიან ნიგვზიანი ბადრიჯნით".
საინტერესოა, რომ უცხოური გამოცემები საკმაოდ ხშირად წერენ ქართული სამზარეულოს შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტელერადიომაუწყებელმა კომპანია BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ, შესაძლოა, ყველის სამშობლოცაა.