პირველად საქართველოს ისტორიაში: „ლელო“ ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას აპირებს

საქართველოს ამომრჩევლებს წინასწარ ეცოდინებათ, არჩევნებზე მოგების შემთხვევაში ეს პარტია რა შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს წარადგენს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გაზაფხულზე თავის ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტს წარადგენს - პირველს საქართველოს უახლეს ისტორიაში, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა.

დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ახალი წევრები წარადგინეს >>

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გასული წლის დეკემბერში ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააარსა. პარტიის წევრები გახდნენ ძირითადად ბიზნეს-წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ლელო საქართველოსთვის“: ვინ შეუერთდა ახალ პარტიას

„პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საკმაოდ სერიოზული ტემპით იზრდება. საკმაოდ დიდია მოლოდინი და გარწმუნებთ, ჩვენ ამ მოლოდინს გავამართლებთ. „ლელო საქართველოსთვის“ არ არის პარტია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოკლე დროში შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ჩავცვივდით. გაზაფხულზე წარვადგენთ ჩრდილოვან კაბინეტს და ამომრჩეველს რამდენიმე თვით ადრე ეცოდინება პროგრამა და ის სფეროები, რომელსაც პირველი 100 დღის განმავლობაში შევცვლით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ამა წლის ოქტომბერში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ამ არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი ბლოკით პარტიებთან „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“.

ხაზარაძე - TBC Bank-ის დამფუძნებელია. პოლიტიკაში მას შემდეგ წავიდა, რაც მისსა და მისი მთავარი ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბრალად ედებათ TBC Bank-ის მეშვეობით დაახლოებით 17 მილიონი დოლარის გათეთრება. ბიზნესმენები ამას ხელისუფლების მხრიდან დევნად აფასებენ.