მსოფლიო დღეს

ევროკავშირის საბჭომ ხელი მოაწერა Brexit-ს: ჯერი ევროპარლამენტის რატიფიკაციაზეა

შეთანხმების რატიფიკაცია 29 იანვარს უნდა მოახდინოს ევროპარლამენტმა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი და ბრიუსელი სავაჭრო ხელშეკრულებასაც გააფორმებენ.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ (Brexit).

აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია შარლ მიშელის Twitter-ზე.

​„დღეს მე და ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მეგობრობა შენარჩუნდება. ჩვენ ახალ თავს ვიწყებთ პარტნიორებისა და მოკავშირეების სახით“, — აღნიშნა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.

შეთანხმების რატიფიკაცია 29 იანვარს უნდა მოახდინოს ევროპარლამენტმა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი და ბრიუსელი სავაჭრო ხელშეკრულებასაც გააფორმებენ. 

ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი Brexit-ს

აღსანიშნავია, რომ Brexit-ი 31 იანვრის 23:00 საათისთვის არის დანიშნული გრინვიჩის დროით (რაც თბილისის დროით 1 თებერვლის 03:00 საათს ემთხვევა), რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.  

Brexit-ის შესახებ დოკუმენტს დედოფალმა ელისაბედმა 23 იანვარს მოაწერა ხელი. მანამდე ბრიტანეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის პირობების შესახებ.

თავდაპირველი გეგმით, Brexit-ი 2019 წლის 29 მარტს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პარლამენტმა რამდენჯერმე უარყო ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წინადადება ბრიუსელთან პირობების შეთანხმების თაობაზე. შედეგად, ლონდონმა ჯერ 12 აპრილამდე გადადო ევროკავშირიდან გასვლა, შემდეგ 31 ოქტომბრამდე, ბოლოს კი 2020 წლის იანვრის ბოლომდე.