თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კახა კალაძის განცხადებით, პროგრამის ბენეფიციართა ლიმიტი 1000-დან 1230 ბავშვამდე გაიზრდება და მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე ჩაერთვება.
„გასულ წელს დაფინანსება 1 000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1 230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან ოჯახებს მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა", – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად 400 ლარია გამოყოფილი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ.
„სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისელებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსება გაეზრდებათ>>
თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.