თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ტოვებს ATP-cup ტურნირს ავსტრალიაში, მიუხედავად ურუგვაისთან მოპოვებული გამარჯვებისა ანგარიშით 2:1, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„ძალიან საწყენია...“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერს >>
ალექსანდრე მეტრეველმა მოუგო ფრანკო რონკადელის ანგარიშით 6:2, 6:1, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი პაბლო კუევასზე ძლიერი აღმოჩნდა - 6:4, 1:6, 6:4. თუმცა წყვილების შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელებმა ურუგვაის დაუთმეს - 2:6, 2:6.
ადრე საქართველოს ნაკრები დამარცხდა ესპანეთთან ანგარიშით 0:3 და იაპონიასთან ანგარიშით 1:2.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში ესპანეთისა და იაპონიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
10 იანვარს მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ATP-ს თასის გუნდური ტურნირი ჩოგბურთში ვაჟთა ნაკრებებს შორის 2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში იმართება. შეჯიბრებები ATP-ს ეგიდით სამ ქალაქში ტარდება: ბრისბენში, პერთში და სიდნეიში. ATP-ს თასი სეზონში პირველი მოსამზადებელი ტურნირია ავსტრალიის ღია პირველობის წინ.