თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოებმა იდუმალი შტამის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს, ექსპერტები არ გამორიცხავენ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის - ატიპიური პნევმონიის დაბრუნებას, იტყობინება „Sputnik-ბელარუსი“.
ადრე უცნობი ფორმის პნევმონიის შემთხვევები ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ქალაქ უხანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისიის ბოლო მონაცემებით, დაფიქსირდა უცნობი ვირუსული პნევმონიის 59 პაციენტი - შვიდი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ექიმებმა დღემდე ვერ დაადგინეს, ვირუსის რომელი შტამი იწვევს ამ დაავადებას. ამავე დროს, პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია, განაცხადეს CNN-ის ეთერში.
ამრიგად, ექსპერტები არ გამორიცხავენ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც ცნობილია როგორც მეწამული სიკვდილი ან ატიპიური პნევმონია (SARS).
შეგახსენებთ, რომ ატიპიური პნევმონია 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე 37 ქვეყანაში გავრცელდა - სულ დაავადდა რვა ათასზე მეტი ადამიანი, აქედან დაახლოებით რვაასი გარდაიცვალა. დაავადება კორონავირუსმა გამოიწვია.
დგას თუ არა საქართველო გრიპის ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე >>
დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ვერსია არის გადაცემა ცხოველებიდან: ბევრი დაშავებული მუშაობდა საკვებ პროდუქტებთან. უცნობი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის აშკარა მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი რისკი არ არსებობს.
სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ჯერ არ განუცხადებია პნევმონიის უცნობი ფორმების გამოჩენის შესახებ - სავსებით შესაძლებელია, რომ შტამი ჯერ კიდევ არ გასულა ჩინეთის ფარგლებს გარეთ.