სამსონ ხონელი
ახალი წლის პირველი კვირა დღე ქალაქგარეთ, მეგობრის აგარაკზე გავატარე. წინასწარ შევთანხმდით, რომ მესამე ათწლეულის შემობრძანებას მსუბუქად აღვნიშნავდით. თუმცა პირობა მალევე დაირღვა და ტრადიციული საახალწლო სუფრა გაიშალა... კი, მაგრამ რატომ გადაწყვიტე, ერთი დღის თავგადასავალი გვიამბო? − შესაძლოა, ჩამეძიოთ, და რა გაეწყობა, განვმარტავ – იმ დღეს ბევრი სიახლე შევიტყვე.
უცხო არ არის, ახალ წელს ცვლილებები მოაქვს, ზოგი მათგანი წინასწარ არის ცნობილი და ჯობს, რომ ამთავითვე ინფორმირებული ვიყოთ. ერთი სიტყვით, ვისურვე მოსმენილი თქვენც გაგიზიაროთ. თანმიმდევრულად მივყვეთ... მაგიდას ოჯახის სამივე თაობის წევრები, ახლო მეგობრები და ორიოდე მეზობელი ვუსხედით. მართალია, ამბობენ, ამ ცხოვრებას ფხიზელი თვალით მტერმა უყურაო, მაგრამ თრობას მაინც სიფხიზლე ვამჯობინე და ალკოჰოლს ზომიერად შევექეცი... სპირტიანი სამელი ვახსენე და გეტყვით, რომ მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა. დოკუმენტი სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენის, ეტიკეტირების მოთხოვნებს განსაზღვრავს და სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს აწესრიგებს. რეგლამენტით რეგულაციები დაწესდა სპირტიანი სასმელების მხოლოდ იმ კატეგორიებზე, რომელიც ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისგან მზადდება. ამ დადგენილებით აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით...
თამადობა მასპინძელმა ითავა... არ იფიქროთ, რომ წარმოთქმულ სადღეგრძელოთა პერიფრაზს ვაპირებ, არა, წინამდებარე სტატიის კონტექსტის გათვალისწინებით ერთს ვიტყვი – იყო სურვილების წვიმა და მილოცვები, მათ შორის, არა საახალწლოც. მშობლებს განსაკუთრებული სიყვარულით მოეფერა, ბოლოს კი 20 ლარით გაზრდილი პენსია მიულოცა და დასძინა, ამდენს რა დახარჯავს, ჩვენი იმედი გქონდეთო... კი, ასეა ნამდვილად: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველივე დღიდან ასაკით პენსიონერების პენსიამ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტის ოდენობამ 20 ლარით მოიმატა. დავაზუსტებ, ეს ცვლილება ყველა კატეგორიის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეხება. არა, რატომ 20 ლარით? − იკითხა ბატონმა გოგიმ და გაკვირვებულმა გახედა სუფრის თავკაცს. პასუხად უფროს ვაჟკაცს არაფერი უთქვამს. „თვის ბოლოს ოთხმოცი შემისრულდება, კიდევ ერთ თვეში ჩემი დარიკოც მერვე ათეულში გადააბიჯებს და ივლისის თვიდან ჯამურად უკვე 60 ლარით მეტს მივიღებთ“, − ბრძანა ოჯახის უფროსმა და ამაყად გადმოგვხედა. მართალია, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერთა პენსია, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი 1 ივლისიდან უკვე 30 ლარით გაიზრდება. თუმცა, სიახლე მხოლოდ ეს არ არის. მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის მოქალაქეები ახალი წლიდან პენსიას 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერები კი 1 ივლისიდან 300 ლარს მიიღებენ. ასე რომ, მიმდინარე წელს, მართალია, ჯერ მხოლოდ მთაში, ასაკით პენსიონერთა პენსია სამასლარიან ნიშნულს გაუტოლდება...
სიტყვა ფეხბურთზეც ჩამოვარდა. ხუმრობა არ არის, მარტის თვის ბოლოს ვლადიმერ ვაისის შეგირდებს უდიდესი გამოცდა ელით. მიზანთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ორად ორი მატჩია მოსაგები და ბორჯღალოსნები 2020 წლის ევროპის საიუბილეო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ნახევარფინალში კარგად ნაცნობ ბელარუსს ვუმასპინძლებთ და, გამარჯვების შემთხვევაში, ფინალში კვლავაც საკუთარ მოედანზე დავუპირისპირდებით ჩრდილოეთ მაკედონია–კოსოვის წყვილში მოგებულს. ასე რომ, ეროვნულ არენაზე მისულ გულშემატკივარს სანერვიულო ბევრი ექნება. მაგრამ მას, ვინც სიგარეტის არსებობას, სულ ცოტა, ორი საათით მაინც ვერ ივიწყებს, მოუწევს შინ დარჩეს. ახალი წლიდან მოწევა სტადიონზეც აიკრძალა. რეგულაციები ეხება იმ სტადიონებსა თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ დაევალათ ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ადმინისტრაციას მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა შეუძლია, თუმცა ვეჭვობ, რომ ე.წ. „მწეველთა ბილეთები“ თამბაქოს მოყვარულთა ძალიან მცირე ნაწილს შეხვდება. არ გამიკვირდება, ამ ტიპის ბილეთმა შედარებით უფრო მაღალი ფასიც დაიდოს. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ჯარიმა უკვე 2000 ლარია...
ამასობაში თამადამ ოჯახის უმცროსი წევრები დალოცა. უფროსი ქალიშვილი წელს სკოლას ამთავრებს, უმცროსი ვაჟი პირველად შეაბიჯებს სასწავლებელში. „სიახლემ ორივეს მოუსწრო, − ბრძანა თანამეინახემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხისმგებელმა თანამშრომელმა. – არ დავკონკრეტდები, საჭირო არ არის“. შეგვატყო, მოსმენილი გავიკვირვეთ და განაგრძო: თბილისისა და სხვა რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება. „ეს ძალიან კარგია, ეგება სკოლებში წესრიგი დამყარდეს და საშველი დაგვადგეს“, − გაიხარა დიასახლისმა. „საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება, კერძო სკოლებში კი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება იგეგმება“, − დასძინა განათლების სისტემის მუშაკმა. შემდეგ ქალბატონმა საათს დახედა და მეუღლეს მიაპყრო მზერა. „კი, კი, დროა“, − ჩაილაპარაკა ბატონმა და თამადას ერთი სადღეგრძელო სთხოვა. ჩვენ წასვლას და თქვენ დარჩენას გაუმარჯოსო“, − წარმოთქვა სხარტად და, რა დასამალია, დამსწრეთა ინტერესიც გამოიწვია. „რატომ ჩქარობთ?“ − ჩავეკითხე პატივცემულს და მანაც განმარტა, ახლა უწყებაში ორშაბათს პირველი სამუშაო დღე მაქვს და უნდა მოვემზადოო. მეტი კონკრეტიკა მოვითხოვეთ და მანაც არ დაიზარა. ასე შევიტყვეთ, რომ ახალი წლიდან ამოქმედდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. ის სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. თანაც ამავე სააგენტოს უფლებამოსილებაა ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთშია დაგეგმილი.
სერიოზულ, მეტწილად პრობლემურ საკითხებზე ხშირი საუბრის მიუხედავად, კარგად მოვილხინეთ და ისე დაგვიღამდა, ვერც კი შევამჩნიეთ. წასვლის დრო მოვიდა და ტაქსი გამოვიძახე. თეთრი ავტომობილი, სახურავზე მწვანე მანათობლით მითითებულ მისამართზე დათქმულ დროს გამოცხადდა. მასპინძლებს დავემშვიდობე და შემეცნებითი საახალწლო საღამოსთვის გულწრფელი მადლობა ვუთხარი, რა ვიცოდი, რომ მოსალოდნელი სიახლეების ერთ ნაწილს შინისკენ მიმავალი შევიტყობდი.
− მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით! − მივესალმე ტაქსის მძღოლს. − მადლობა, გაიხარეთ და სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, − მომიგო პასუხად. წავკისიდან გეზი დიღმისკენ ავიღეთ, მანძილი საკმაოდ დიდია და სასაუბროდ დროც ბევრი გვქონდა. − აბა, თქვენკენ ახალი რა არის? − დავინტერესდი. − ეჰ, ერთი წელიღა დამრჩა... რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა, თუმცა არ ვაცალე და ჩავეკითხე, − რატომ, ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით? ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა, შემდეგ გამიღიმა, ალბათ იფიქრა, მთვრალია ესო... მოკლედ, გავიაზრე, რომ უტაქტოდ მოვიქეცი და მობოდიშება დავაპირე. ამჯერად მან აღარ დამაცალა. − არა, რას ბრძანებთ, მართალია, ჩვენ დროში კარგად ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ავადაც არ გახლავართ. სულ სხვაა უკმაყოფილების მიზეზი, − მითხრა მესაჭემ და დააკონკრეტა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელებს სატაქსაოდ მხოლოდ მიმდინარე წელიწადი რჩებათ. მომავალი წლის პირველი რიცხვიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა კანონდარღვევად ჩაითვლება. საინტერესოა, რას და რატომ გვერჩიან ტაქსისტებს? აი, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულება 2022 წლამდე გადაუვადეს. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას. რა გაეწყობა, რაც არის ეს არის, − თქვა და ხელი ჩაიქნია მძღოლმა. შევატყვე, გათვითცნობიერებული იყო, თუმცა არაფერი უთქვამს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა, ე.წ. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის მთავრობამ რეგულაციის კიდევ ერთი წლით გადავადება გადაწყვიტა. არც მე შემიხსენებია, არ ღირდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ისევ თავად განაგრძო.
შევიტყვე, რომ მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომანქანების მფლობელებისთვის რეგულაციები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლი ტექინსპექტირებას ამ დრომდე გაივლის, მას მომავალშიც ექნება ამავე ავტომობილის ტექინსპექტირების უფლება. თუ მძღოლი საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას ასევე მითითებულ დრომდე, რეგულაციების ამოქმედებამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც გაივლის. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჭის გადატანა და ასეთი ავტომობილის ტექდათვალიერებაც აიკრძალება. კიდევ ერთი ცვლილება საბურავებს ეხება. კერძოდ, 10 წლისა და მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან... დანიშნულების ადგილამდე ბევრი ვისაუბრეთ, ისიც შევიტყვე, რომ ახალი წლიდან სავალდებულო გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება. მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ის აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ უნდა იყოს გაცემული. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება...
ამასობაში თავისუფლების მოედანს გავცდით, სანაპიროზე გავედით და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ მძღოლი ლაპარაკით არ უნდა გაართო, განსაკუთრებით ღამით... მოსალოდნელი ცვლილებებით აღარ დაგღლით. ძირითადი ითქვა, დანარჩენსაც თანდათან, სტატიიდან სტატიამდე დაგაწევთ, დრო ბევრი გვაქვს. სახლამდე მშვიდობით ვიმგზავრე, ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე...